უახლესი მონაცემებით, COVID-19-ის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 3,4 პროცენტია, ადრეულ მაჩვენებელზე უფრო მაღალი
უახლესი მონაცემებით, COVID-19-ის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 3,4 პროცენტია, ადრეულ მაჩვენებელზე უფრო მაღალი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ადასტურებს, რომ ახალი კორონავირუსის სიკვდილიანობის გლობალური მაჩვენებელი 3,4 პროცენტია, ანუ უფრო მაღალი, ვიდრე წინა შეფასების მიხედვით, რომელიც 2 პროცენტს შეადგენდა.

ამ დროის მონაცემებით, ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელებული ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა 93 000-ზე მეტი ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა 3100-ს აღემატება. ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეულ დაავადებას COVID-19 უწოდეს.

მედიასთან საუბრისას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს მასშტაბით, COVID-19-ით დაავადებულთა 3,4 პროცენტი გარდაიცვალა. შედარებისათვის უნდა აღინიშნოს, რომ სეზონური გრიპი ინფიცირებულთა მხოლოდ ერთ პროცენტზე ნაკლებს კლავს.

ახალი კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ალბათ, უფრო მეტი ახალი შემთხვევის დაფიქსირების კვალდაკვალ შეიცვლება; ექსპერტთა პროგნოზით, სიკვდილიანობის პროცენტულობა შემცირდება.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, არის კიდევ ერთი დიდი კონტინგენტი, რომელიც სრულიად ასიმპტომურია ან მინიმალური სიმპტომები აღენიშნებათ. სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებას ფაუჩიც პროგნოზირებს.

„უნიკალური ვირუსი უნიკალური მახასიათებლებით“

ადანომმა ისაუბრა განსხვავებებზე ახალ კორონავირუსსა და სხვა ინფექციურ დაავადებებს შორის, მაგალითად, როგორებიცაა MERS-ი, SARS-ი და გრიპი. მისი თქმით, როგორც მონაცემები მიუთითებს, COVID-19 გრიპის მსგავსად ეფექტიანად არ გადადის ადამიანიდან ადამიანზე და დაავადების ძირითადი გამავრცელებლები არიან ადამიანები, რომლებსაც ინფექცია უკვე აქვთ, მაგრამ გამოვლენილი სიმპტომები ჯერ არ აღენიშნებათ. კორონავირუსთა უმეტესობის შემთხვევაში კი მსგავსი რამ არ შეიმჩნევა.

ადანომის განცხადებით, COVID-19 იწვევს „უფრო მძიმე დაავადებას“, ვიდრე სეზონური გრიპი; მისივე თქმით, დროთა განმავლობაში მსოფლიოში ადამიანებს შეიძლება უკვე გამოუმუშავდათ იმუნიტეტი გრიპის მიმართ, მაგრამ ახალი კორონავირუსის შემთხვევაში ჯერ ასე არ არის და ინფექციისადმი უფრო ბევრი ადამიანია მგრძნობიარე.

„ის უნიკალური ვირუსია უნიკალური მახასიათებლებით“, — განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

ტედროს ადანომმა გასულ კვირას განაცხადა ისიც, რომ ამ დაავადების სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეიძლება განსხვავებული იყოს იმისდა მიხედვით, თუ სად იმყოფება და მკურნალობს პაციენტი. მისი თქმით, მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები დაახლოებით ორ კვირაში ჯანმრთელდებიან, მაგრამ უფრო მძიმე პაციენტების სრული გამოჯანმრთელება სამიდან ექვს კვირამდე პერიოდში ხდება.

ხანდაზმული პაციენტები უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან

COVID-19-ით დაავადებულ პაციენტთა სიკვდილის რისკი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული; მათ შორისა, თუ სად მკურნალობენ ისინი, მათი ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა ინფიცირებამდე.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ თებერვალში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვირუსი განსაკუთრებით მძიმედ მოქმედებს ხანდაზმულ ადამიანებზე, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები ინფიცირებამდეც ჰქონდათ. როგორც მონაცემები მიუთითებს, პაციენტის სიკვდილის საშიშროება მის ასაკთან ერთად იზრდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევის მიხედვით, 10-დან 19-წლამდე პაციენტთა COVID-19-ით სიკვდილის შანსი იგივეა, რაც 20-30 წელს გადაცილებულ ადამიანთა შემთხვევაში, მაგრამ დაავადება გაცილებით ფატალური ჩანს 50 წელს გადაცილებულ ადამიანებში.

როგორც კვლევა აჩვენებს, ახალი კორონავირუსის შემთხვევათა 80 პროცენტზე მეტი საშუალო სიმძიმისაა; გარდა ამისა, ექსპერტები ფიქრობენ, რომ საშუალო სიმძიმის ძალიან ბევრი შემთხვევა დაფიქსირებულიც არ არის, რადგან ზოგიერთი ადამიანი ვერც ხვდება, რომ კორონავირუსი შეეყარა და საავადმყოფოს არ მიმართავს.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.