სუპერმძიმე წონით კატეგორიაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის, ამერიკელი დეონტეი უაილდერის (41-0-1, 40KO) პრომოუტერმა შელი ფინკელმა მიანიშნა, რომ მისი კლიენტის ბრძოლები ბრიტანელ მძიმეწონოსნებთან – ტაისონ ფიურისთან (27-0-1, 19KO) და ენტონი ჯოშუასთან (22-0, 21KO), შესაძლოა, 2020 წელს გაიმართოს.
„ჯერ ერთი, დეონტეი მზად არის ნებისმიერთანიჩხუბოს. ის მზადაა ჯოშუასთან რინგზე გავიდეს იმაზე დაბალი ჰონორარის სანაცვლოდ, ვიდრე იმსახურებს. როცა ადამიანებს რეალურად სურთ ბრძოლის ორგანიზება, ისინი სწორედ ასე იქცევიან. როცა ფიურისთან ბრძოლის ორგანიზებით ვიყავით დაკავებული, ჩვენ მას ზედმეტი გადავუხადეთ, მივეცით ყველაფერი, რაც სურდა. დეონტეი ისეთი ადამიანი არ არის, ვინც გამართლებას ეძებს. ორტისთან ბრძოლის შემდეგ, მისი მხრიდან არ ყოფილა ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ის ავადმყოფობდა, არადა, ბრძოლამდე ორი დღით ადრე, საწოლში იწვა. მუდმივი კავშირი მაქვს DAZN-ის ხელმძღვანელთან ჯონ სკიპერთან, მომდევნო კვირას უნდა შევხვდეთ ერთმანეთს. ასევე არ ვწყვეტ კავშირს Top Rank-თან, ამიტომაც, ეს ბრძოლები აუცილებლად გაიმართება. რთული სათქმელია, ეს ახლავე მოხდება თუ ორი ბრძოლის შემდეგ, მაგრამ ფანები იხილავენ ამ შეხვედრებს უახლოეს მომავალში. და ეს ბრძოლები ჩატარდება დეონტეისთვის მისაღებ პირობებში”, – მოჰყავს FightSpaceWorld-ს ფინკელის სიტყვები.
შეგახსენებთ, რომ კვირას, ნიუ იორკში დეონტეი უაილდერმა პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა ამერიკელი დომინიკ ბრიზილი.