ენტონი ჯოშუამ მძლავრი ნოკაუტით დაამარცხა ფინელი მოწინააღმდეგე [ვიდეო] #1TVSPORT
ენტონი ჯოშუამ მძლავრი ნოკაუტით დაამარცხა ფინელი მოწინააღმდეგე [ვიდეო] #1TVSPORT

ლონდონში დიდი საკრივო საღამო გაიმართა, რომლის მთავარი მოვლენა იყო დაპირისპირება სუპერმძიმე წონაში – ბრიტანელი ენტონი ჯოშუა ფინელი რობერტ ჰელენიუსის წინააღმდეგ. თავდაპირველი გეგმით, ჯოშუას მეტოქე უნდა ყოფილიყო მისი თანამემამულე დილიან უაიტი, მაგრამ მან დოპინგტესტი ჩააგდო.

ექსპერტთა აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდებოდა იმაზე, რომ ჯოშუა გამოკვეთილი ფავორიტი იყო და დამაჯერებლად უნდა გაემარჯვა.

თუმცა, ჰელენიუსმა უფრო აქტიურად დაიწყო ბრძოლა და პერიოდულად ახერხებდა დარტყმების სერიების შესრულებას. თავის მხრივ, ჯოშუა კარგად მუშაობდა ჯებით და უფრო მეტად ფრთხილობდა, ამასთან, ეძებდა მძიმე დარტყმების შესრულების შესაძლებლობას. აშკარად ჩანდა, რომ ენტონი მეტოქეს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა.

მომდევნო ორ რაუნდში ბრძოლის სურათი არ შეცვლილა. ჰელენიუსმა უარი თქვა აქტიურ პრესინგზე და უფრო მეტად ეძებდა შესაძლებლობას, ერთი მძიმე დარტყმა მიეყენებინა მეტოქისთვის. ჯოშუა უფრო სწრაფი იყო, ბაგირებთან იმწყვდევდა მეტოქეს, მაგრამ არ ჩქარობდა გადამწყვეტ შეტევაზე გადასვლას, მას შემდეგაც კი, როცა რამდენიმე ძლიერი დარტყმა გამოუვიდა.

ჯოშუამ თანდათან მოუმატა ტემპს. ამასთან, მისი აქტიური მუშაობა ჰელენიუსსაც აძლევდა შანსებს, მაგრამ ბრიტანელი უფრო მეტ ზიანს აყენებდა ფინელს, რომელიც სახიფათო სიტუაციებში დისტანციას ამცირებდა და კლინჩში შედიოდა, მაგრამ ამან არ უშველა. ჯოშუამ მძლავრი დარტყმით ნოკაუტში გაუშვა მეტოქე.

ამ შთამბეჭდავი მოგებით ბრიტანელმა შეძლო ბოლო სუსტი ბრძოლების გამო რეაბილიტაცია. ახლა ყველა ელოდება მის ორთაბრძოლას ამერიკელ დეონტეი უაილდერთან.