თურქეთში საქართველოს ელჩი - ამოქმედებულია ცხელი ხაზი, მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენს მოქალაქეებზე ინფორმაცია მოვიძიოთ
თურქეთში საქართველოს ელჩი - ამოქმედებულია ცხელი ხაზი, მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენს მოქალაქეებზე ინფორმაცია მოვიძიოთ

თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ამოქმედებულია ცხელი ხაზი, მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენს მოქალაქეებზე ინფორმაცია მოვიძიოთ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები ძირითადად იმყოფებიან თურქეთის სხვა რეგიონებში და აღნიშნა, რომ უწყება მაქსიმალურად ცდილობს, დაადგინოს მათი ადგილსამყოფელი.

„გამთენიისას საგრძნობი ბიძგები იყო ანკარაში. ძალიან მასშტაბური მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიძლიერემ რიხტერის შკალით 7,4 მაგნიტუდა შეადგინა, რომელიც არის ძალიან დიდი. მოგეხსენებათ, რომ, ბოლო ინფორმაციით, 1 000-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. დაიღუპა საქართველოს მოქალაქეც, ანთაქიაში, ჰათაის პროვინციაში, ეს არის სირიის საზღვართან ახლოს. ჩვენი ცხელი ხაზი ამოქმედებულია, მაქსიმალურად ვცდილობთ, მოვიძიოთ ინფორმაცია ჩვენს მოქალაქეებზე.

საქართველოს მოქალაქეები ძირითადად არიან თურქეთის სხვა რეგიონებში, სტამბოლში, იზმირში, ანკარაში და ასე შემდეგ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მივიღოთ ზომები და დავადგინოთ მათი ადგილსამყოფელი.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა დღეს დააანონსა, რომ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის საკმაოდ მოზრდილი ჯგუფი უკვე მზად არის გამოსამგზავრებლად, სრული ეკიპირებით, რათა დაეხმარონ მოძმე თურქ ხალხს“, – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

ძლიერი მიწისძვრა თურქეთში დღეს, გამთენიისას მოხდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად ქვეყანაში 912 ადამიანია დაღუპული და 5 385 დაშავებული. თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ 100-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. მათ შორის რვა მათგანის სიმძლავრე რიხტერის შკალით 7 მაგნიტუდას აღემატებოდა.

ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო ქვეყნის საელჩოსა და გენერალური საკონსულოების ცხელი ხაზის ნომრები გაავრცელა.