თურქეთში მცხოვრები სირიელი ლტოლვილებისთვის ევროკავშირი 1.5 მილიარდ ევროს გამოყოფს
თურქეთში მცხოვრები სირიელი ლტოლვილებისთვის ევროკავშირი გრანტის სახით, 1.5 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა.
სირიის საკითხზე ევროკავშირისა და გაერო-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, ფედერიკა მოგერინიმ თქვა, რომ კონფლიქტის გადაწყვეტა არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური გზით უნდა მოხდეს.
თურქეთში 3.5 მილიონი სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს. გაერო-ში ამბობენ, რომ ბრიუსელში მიმდინარე დონორთა კონფერენციაზე მთავარი ამოცანა სირიისთვის 6 მილიარდი დოლარის შეგროვებაა.
2011 წელს დაწყებულ სირიის კონფლიქტს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 10 მილიონზე მეტი კი დევნილად იქცა.