თურქეთის თავდაცვის უწყების ცნობით, იდლიბში საარტილერიო იერიშის შედეგად ერთი თურქი სამხედრო დაიღუპა
თურქეთის თავდაცვის უწყების ცნობით, იდლიბში საარტილერიო იერიშის შედეგად ერთი თურქი სამხედრო დაიღუპა

იდლიბში საარტილერიო იერიშის შედეგად ერთი თურქი სამხედრო დაიღუპა და ორი დაიჭრა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საარტილერიო თავდასხმა იდლიბში „სირიის რეჟიმმა“ განახორციელა.

ამასთან, თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „რეჟიმის სამიზნეების მიმართულებით სროლა გრძელდება“.

სირიაში, კერძოდ კი იდლიბის პროვინციაში ვითარება 28 თებერვალს ღამით დაიძაბა. სირიის არმიამ, რომელსაც მხარს რუსეთი უჭერს, იერიში მიიტანა თურქი სამხედროებისა და მათი მხარდაჭერით მოქმედი სირიელი ოპოზიონერების შეიარაღებულ შენაერთებზე. შედეგად, 33 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. საპასუხოდ, თურქეთის არმიამ ასადის ერთგული ჯარისკაცების პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნა. ანკარაში აცხადებენ, რომ 28 თებერვალს მათ 50 სირიელი ჯარისკაცის განადგურება შეძლეს.