თურქეთის პრეზიდენტმა და კატარის ამირამ ღაზაში არსებული ვითარება განიხილეს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და კატარის ამირამ, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალთანმა ისრაელის მიერ ღაზაში მიმდინარე თავდასხმები განიხილეს, – ამის შესახებ „ანადოლუ“ წერს.
„ლიდერებმა შეხვედრაზე განიხილეს ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ხოცვა-ჟლეტვის მიმდინარე მოვლენები, ცეცხლის შეწყვეტისა და მუდმივი მშვიდობის მცდელობები და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით გადადგმული და გადასადგმელი ნაბიჯები“, – ნათქვამია თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ისრაელი პასუხისმგებელია მის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებზე“ და ხაზი გაუსვა საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობას, ისევე როგორც ისრაელის პასუხისგებაში მიცემის მცდელობების მნიშვნელობას.
ამასთან, ერდოღანმა პირობა დადო, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველსაყოფად თურქეთის ძალისხმევა გაიზრდება.
„შეხვედრაზე ასევე შეფასდა თურქეთ-კატარის ურთიერთობები, რეგიონული და გლობალური საკითხები“, – ნათქვამია განცხადებაში.
თურქეთმა და კატარმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შეთანხმებას 12 სხვადასხვა სფეროში და თურქეთ-კატარის უმაღლესი სტრატეგიული კომიტეტის მე-9 შეხვედრის ერთობლივ დეკლარაციას.