თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი - თურქეთს მიაჩნია, რომ ნატო-ს გაფართოება არის მსოფლიოში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის გასაღები
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი - თურქეთს მიაჩნია, რომ ნატო-ს გაფართოება არის მსოფლიოში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის გასაღები

თურქეთი მხარს უჭერს ნატო-ს გაფართოებას და მიაჩნია, რომ ალიანსის გაფართოება არის მსოფლიოში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის გასაღები. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფაჰრეთინ ალტუნმა გამოცემა Middle East Eye-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ვილნიუსში ბოლო სამიტის წინა დღეს პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის აშკარა მხარდაჭერა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისადმი“, – თქვა ალტუნმა.

მისი თქმით, თურქეთი მხარს უჭერს ნატო-ს გეოგრაფიულ გაფართოებას „არა რომელიმე კონკრეტული ქვეყნის წინააღმდეგ“, არამედ იმისათვის, რომ ალიანსი გახდეს უსაფრთხოების ორგანიზაცია, რომელიც ხელს შეუწყობს სტაბილურობას.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ლეგიტიმური შეშფოთება შვედეთის კონტრტერორისტული პოლიტიკის შესახებ ჩვენი მოკავშირეების მიერ იქნა მიღებული“, – აღნიშნავს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

ერდოღანის სპიკერის თქმით, ვილნიუსის სამიტმა აჩვენა, რომ „თურქეთი გააგრძელებს ძლიერ პარტნიორად ყოფნას და წინ წაწევს ალიანსს უსაფრთხოების საერთო გამოწვევების გადასაჭრელად, ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად“.