თურქეთი მიგრანტების შესახებ შეთანხმების პირობების დაცვას გეგმავს
თურქეთი მიგრანტების შესახებ შეთანხმების პირობების დაცვას გეგმავს

თურქეთი ევროკავშირს დაჰპირდა, რომ მიგრანტების შესახებ შეთანხმების პირობებს დაიცავს. ამის შესახებ განცხადება უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან საუბრის შემდეგ გააკეთა.

მანამდე, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანკარა მზადა არის, არალეგალ მიგრანტებს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა გაუხსნას. მსგავსი შინაარსის განცხადება თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციაში გააკეთეს.

ამის შემდეგ, ასობით მიგრანტი თურქეთ-საბერძნეთისა და თურქეთ-ბულგარეთის საზღვრისკენ დაიძრა. სოფიასა და ათენში საზღვარზე კონტროლის გამკაცრების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.

საბერძნეთის ხელისუფლება იძულებული გახდა, ერთ-ერთი გადასასვლელი პუნქტი ჩაეკეტა და მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირიც კი გამოიყენა.