თსუ ჩემპიონთა ლიგაზე - წილისყრა 5 ივლისს გაიმართება #1TVSPORT
თსუ ჩემპიონთა ლიგაზე - წილისყრა 5 ივლისს გაიმართება #1TVSPORT

5-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკალათბურთო კლუბი ევროსარბიელზე ბრუნდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, რომელიც ამ სეზონში საქართველოს ჩემპიონი გახდა, FIBA-ს ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად იბრძოლებს. თსუ მონაწილეობას მიიღებს FIBA-ს უმაღლესი რანგის ევროტუნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე და წარმატების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვდება.

ბოლოს საქართველოდან ევროტურნირზე 5 წლის წინ, 2017-2018 წლების სეზონში თბილისის „დინამომ“ ითამაშა, რომელმაც სეზონი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოდან დაიწყო, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხა და ერთი საფეხურით დაბლა მყოფ ევროპის თასზე გადაინაცვლა.

თსუ-მ გასულ სეზონში დუბლი შეასრულა. ლექსო ლაფანაშვილის ხელმძღვანელობით უნივერსიტეტის გუნდმა საქართველოს თასიც მოიგო და სეზონი ჩემპიონობით დააგვირგვინა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, თსუ-ს საკალათბურთო გუნდი უნივერსიტეტისა და ქვეყნის ღირსებას ევროტურნირზე დაიცავს.

5 ივლისს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მდებარე ფიბა-ს მთავარ ოფისში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგება, სადაც გაირკვევა თსუ-ს მეტოქე. ჩემპიონთა ლიგის 2023-2024 წლების სეზონში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, საიდანაც 29 ადგილი უკვე დაკავებულია. დარჩენილი 3 საგზურისთვის 24 გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპზე იბრძოლებს, რომელიც 25 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

გათამაშების ფორმატის თანახმად, 24 გუნდი 3 ნაწილად გაიყოფა. თსუ მოხვდა ეგრეთწოდებულ ჩემპიონთა ჯგუფში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ჩემპიონები არიან თავმოყრილნი. მინისაკვალიფიკაციო ტურნირი მეოთხედფინალიდან დაიწყება და გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს მიიღებს. დარჩენილი 16 გუნდიც 2-ად გაიყო და ისინი ცალ-ცალკე გაითამაშებენ კიდევ 2 საგზურს.

ის გუნდები, რომლებიც საკვალიფიკაციო ეტაპიდან ვერ მოახერხებენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადასვლას, ერთი საფეხურით დაბლა მდგომ ფიბა-ევროპის თასზე გადაინაცვლებენ, სადაც რეგულარული ჩემპიონატი ოქტომბერში დაიწყება და 4-გუნდიანი ჯგუფებიდან 2-2 საუკეთესო გავა.

თსუ-ში დაწყებულია მოთამაშეთა სელექცია და მოკლე ხანში გუნდის ძირითადი ბირთვი ჩამოყალიბებული იქნება. ქართველ კალათბურთელებთან ერთად სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი გაძლიერდება ლეგიონერებით, რომლებიც თსუ-ს მთელი სეზონის განმავლობაში, როგორც ევროსარბიელზე, ისე საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დაეხმარებიან.

თსუ-ს პირველ კორპუსში 3 ივლისს ამ ამბავთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. რექტორმა ჯაბა სამუშიამ ჟურნალისტებს საკუთარ მისაღებში უმასპინძლა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან, ნიკოლოზ ცქიტიშვილთან, კლუბის პრეზიდენტთან, ირაკლი ხარჯავანიძესა და გუნდის კაპიტანთან, გიორგი ცინცაძესთან ერთად. თსუ-ს ევროტურნირში ასპარეზობაში კალათბურთის ფედერაცია როგორც ფინანსურად, ისე ტექნიკური და ლოგისტიკური კუთხით დაეხმარება, რისთვისაც გუნდის ხელმძღვანელობამ და წევრებმა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ასევე კულტურის, სპორტისა და ახალგაზარდობის სამინისტროს მადლობა გადაუხადეს.