თსუ „ბენფიკასთან“ დამარცხდა და ბრძოლას ფიბა ევროპის თასზე განაგრძობს #1TVSPORT
თსუ „ბენფიკასთან“ დამარცხდა და ბრძოლას ფიბა ევროპის თასზე განაგრძობს #1TVSPORT

საქართველოს ჩემპიონმა, საკალათბურთო გუნდმა თსუ-მ ჩემპიონთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ბენფიკასთან“ მეოთხედფინალური მატჩი გამართა. შეხვედრა პორტუგალიელებმა მოიგეს – 122:62.

პლეი ოფის მონაწილე რვა გუნდი ანტალიაში შეიკრიბა და ბრძოლა მეოთხედფინალიდან დაიწყეს. ფინალში გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, იქ, სადაც გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ასპარეზობს.

მატჩის წინ, საუბრისას ფიბა-ს კომისარმაც აღნიშნა, რომ თურქეთში შეკრებული გუნდებიდან „ბენფიკა“ ფავორიტია, ხოლო ჯგუფში მოხევდრის შემთხვევაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. პორტუგალიურ კლუბში კაბო ვერდეს ნაკრების ორი კალათბურთელია – ალმეიდა და გომესი; ცხადია, არიან პორტუგალიის ნაკრების კალათბურთელებიც, ხოლო ლიდერი ამერიკელი ტონი დაგლასია, რომელსაც NBA-ის შვიდ გუნდში აქვს ნათამაშები.

მაშინ, როდესაც თსუ 10:5 დაწინაურდა, დაგლასმა ორი სამქულიანით „ბენფიკა“ წინ გაიყვანა, ამის შემდეგ კი პორტუგალიელებს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ.

სეზონის დასაწყისში, მაშინ, როდესაც გუნდებს მზადება ახალი დაწყებული აქვთ და შეთამაშება ყველას აკლია, ბევრს წყვეტს გამოცდილება, კლასი და ინდივიდუალური ოსტატობა. თუნდაც მხოლოდ დაგლასის როლი მეტოქის გამარჯვებაში დიდი იყო.

მატჩის ნათელი წერტილი იყო თსუ-ს ქომაგობა. თბილისიდან ჩასულმა ფანკლუბის წევრებმა პირველიდან ბოლო წუთამდე ენერგიულად უქომაგეს საყვარელ კლუბს. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თვით მასპინძლებიც გააკვირვეს – ასეთი ქომაგობა თურქეთში ჩასულ არცერთ გუნდს არ აქვს.

წაგების შემდეგ თსუ-მ გადაინაცვლა ფიბა-ევროპის თასზე, სადაც 8 აგვისტოს მიუნხენში გამართულმა წილისყრამ ჯგუფში მეტოქეებად ფრანგული „შოლე“, იტალიური „ვარეზე“ და გერმანული „გოტინგენი“ არგუნა. აღნიშნულ ტურნირში თამაშები ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება და ჯგუფური ეტაპი (6 მატჩი) 2023 წლის ბოლომდე დასრულდება.