ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, ყველა უბნის დათვლის შემდეგ, ხუთ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ, ერთში კი დამოუკიდებელი კანდიდატი ლიდერობს
ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, ყველა უბნის დათვლის შემდეგ, ხუთ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ, ერთში კი დამოუკიდებელი კანდიდატი ლიდერობს

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, მერის არჩევნების მეორე ტურში ექვსიდან ხუთ საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ, ერთში კი დამოუკიდებელი კანდიდატი ლიდერობს.

ხმის მიცემის პროცედურა ერთ თვითმმართველ ქალაქსა და ხუთ თემში გაიმართა. ესენია: ქუთაისი, მარტვილი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი და ყაზბეგი. ექვსივე საარჩევნო ოლქში სულ 317 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.

საარჩევნო ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დათვლილია ყველა საარჩევნო უბანი. შედეგები კი ასე გამოიყურება:

ქუთაისის #59 საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ ხმათა 87.55 % მიიღო, მისმა კონკურენტმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ გრიგოლ ვაშაძემ კი 12.45 %.

ყაზბეგის #29 სარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ალექსანდრე ზაგაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 68,65 % მიიღო, ხოლო „დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა, სანდრო ყამარაულმა – 31,35%.

ხაშურის #35 ოლქში, წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გიორგი გურასპაშვილმა ხმათა 61.31% მიიღო, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა რამაზ ნოზაძემ 38,69%.

ბორჯომში, #36 საარჩევნო ოლქში, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ლევან ლიპარტიამ ხმათა 55.22%, ხოლო ზაზა ჩაჩანიძემ „პატრიოტთა ალიანსიდან“ – 44.78% მიიღო.

მარტვილში ერთმანეთს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მამუკა დანელია დაუპირისპირდნენ. წინასწარი შედეგებით, ალექსანდრე გრიგალავამ ხმათა 93,04% მიიღო, ხოლო მამუკა დანელიამ – 6,96 %.

რაც შეეხება ოზურგეთს, 62-ვე საარჩევნო უბნის შედეგების დათვლის შემდეგ, დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კონსტანტინე შარაშენიძემ ხმათა 51.11% მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ბეგლარ სიორიძემ – 49,89 %. შესაბამისად, წინასწარი მონაცემების თანახმად, ოზურგეთის მერის არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატი იმარჯვებს.

შეგახსენებთ, 61 საარჩევნო უბნის მონაცემების დათვლის შემდეგ, არჩევნებს „ქართული ოცნების“ კანდიდატი იგებდა. დაბა ნასაკირალის #59 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესს ხმაური მოჰყვა. „ქართულმა ოცნებამ“ ნასაკირალის 59-ე საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება მოითხოვა.

მერის არჩევნების მეორე ტურების საბოლოო წინასწარ შედეგებს ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია 10:30 საათზე დაგეგმილ ბრიფინგზე გამოაცხადებს.