ბრიტანელმა სნუკერისტმა, ჯად ტრამპმა კარიერაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია – მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის ტრიუმფატორი გახდა.
სეზონის მთავარი ტურნირის ფინალში 29 წლის ინგლისელმა ანგარიშით 18:9 დაამარცხა ტიტულოვანი ვეტერანი ჯონ ჰიგინსი და რევანში აუღო მას 2011 წლის ფინალში წაგებისთვის.
პირველმა სესიამ თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა: ფინალისტებმა ოთხ-ოთხი ფრეიმი აიღეს. მომდევნო სესია ჰიგინსმა 125-ქულიანი სერიით დაიწყო, მაგრამ ამით მხოლოდ გააღიზიანა მეტოქე. ტრამპმა ზედიზედ რვა ფრეიმი აიღო, ანგარიში 12:5 გახდა და აქ გადაწყდა ფინალის ბედი.
გადამწყვეტ მეოთხე სესიაში ტრამპს მხოლოდ ორი ფრეიმის აღება სჭირდებოდა და ის ამ ამოცანას ძალიან მალე გაუმკლავდა.
აქამდე მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატის ფინალი საუკეთესო შედეგი იყო ტრამპისთვის. მას აგრეთვე ორ-ორჯერ ჰქონდა ნათამაშები ნახევარფინალსა და მეოთხედფინალში.
2011 წელს ტრამპის დამარცხებით ჰიგინსი მეოთხედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, მაგრამ მას შემდეგ ტიტული აღარ აუღია. შოტლანდიელმა ბოლო სამ წელიწადში მესამედ ითამაშა ფინალში და ისევ წააგო.
მოგებამ ტრამპს საშუალება მისცა მეორე ადგილზე ასულიყო მსოფლიო რეიტინგში. მან ჩემპიონატის მოგებისთვის 500 000 ფუნტი მოიგო. აგრეთვე, ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც სეზონზე ჯამში მილიონზე მეტი გამოიმუშავა.