ორი უძლიერესი სნუკერისტი ქალი მამაკაცთა პროფესიულ ტურში ითამაშებს #1TVSPORT
ორი უძლიერესი სნუკერისტი ქალი მამაკაცთა პროფესიულ ტურში ითამაშებს #1TVSPORT

ქალთა საერთაშორისო დღეს სნუკერში ნამდვილი რევოლუცია მოხდა – ქალთა ბილიარდისა და სნუკერის მსოფლიოს ასოციაციამ ხელშეკრულება გააფორმა სნუკერის პროფესიულ ტურთან (World Snooker Tour), რომლის მიხედვითაც უძლიერესი მამაკაცი სნუკერისტების გვერდით ორი ქალი ითამაშებს – რიან ევანსი და ნგონ იი. ეს 2021-22 წლების სეზონში მოხდება.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ მომდევნო სეზონში ჩვენი ორი მთავარი ვარსკვლავი საკუთარ ადგილს დაიკავებს პროფესიულ ტურში. წელს, ქალთა სნუკერი თავის 40 წლისთავს აღნიშნავს და გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი განცხადება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენს ისტორიაში. ბოლო სეზონებში დიდ წარმატებებს მივაღწიეთ საკუთარ ტურში. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი მოთამაშეების აღიარება განსაკუთრებული მომენტია ქალი სნუკერისტებისთვის“. – განაცხადა ქალთა ბილიარდისა და სნუკერის მსოფლიოს ასოციაციის პრეზიდენტმა მენდი ფიშერმა.

ინგლისელი რიან ევანსი და ჰონგკონგელი ნგონ იი 15 წელია ქალთა სნუკერის მთავარი ვარსკვლავები არიან. ევანსი ყველაზე წარმატებული ქალი სნუკერისტია ისტორიაში. მან კარიერაში 29 სარეიტინგო ტურნირი მოიგო.

ნგონ იი – მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია და ახლო წარსულში რეიტინგის პირველი ნომერი იყო. ის ორჯერ გახდა ჰონგ კონგის წლის საუკეთესო სპორტსმენი.