„ტორპედოში“ ისევ პრობლემებია - გულშემატკივრები გუნდს მადლობას უხდიან, რომ უხელფასობის მიუხედავად იბრძვიან #1TVSPORT
„ტორპედოში“ ისევ პრობლემებია - გულშემატკივრები გუნდს მადლობას უხდიან, რომ უხელფასობის მიუხედავად იბრძვიან #1TVSPORT

ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის „ტორპედოში“ არსებული პრობლემების გამო ფეხბურთელები ვარჯიშსა და თამაშზე უარი ამბობდნენ, მაგრამ გულშემატკივრების, ქალაქისა და გუნდის გამო, მიიღეს გადაწყვეტილება, მოედანს დაბრუნებოდნენ და „თელავთან“ ბოლომდე ებრძოლათ იმის იმედად, რომ შემდეგ თამაშამდე ვითარება კარგისკენ შეიცვლება. 

ამის ფონზე, გუნდმა შეუძლებელი შეძლო და ეროვნული ლიგის ბოლო ტურში „თელავთან“ გასვლაზე 0:4 მოიგო. ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივრებმა მადლობა გადაუხადეს ფეხბურთელებს, რომ რთული ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად იბრძვიან. მათ ასევე მადლობა გადაუხადეს მთავარ მწვრთნელ შოთა ბაბუნაშვილს, რომლის ხელმძღვანელობითაც ქუთაისელები ბოლო ტურებში თამაშობენ. 

„გუნდმა თავისი სიტყვა შეასრულა, გავიდა მოედანზე და მოიგო, თანაც როგორ! მადლობა, ბიჭებო, რომ ყველაფრის მიუხედავად, გამონახეთ ძალა, მოედანზე გახვედით და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვეთ! ეს მოგება, რა თქმა უნდა, სასიხარულოა, თუმცა მთავარი პრობლემა ჯერაც გადაუჭრელია. თუ მომდევნო თამაშამდე კლუბში ვითარება არ გამოსწორდება, ეს გამარჯვება ამაო იქნება! ახლა უკვე დროა, იმ ხალხმა გააკეთოს მაქსიმუმი იმისთვის, რომ „ტორპედომ“ მომავალში განაგრძოს არსებობა. არ აქვს მნიშვნელობა, რა იქნება ხვალ და ზეგ, ფაქტი ისაა, რომ შოთა ბაბუნაშვილი კიდევ ერთხელ შევიდა „ტორპედოს“ ისტორიაში. ეს ხალხი ჩვენგან მხოლოდ მადლობას იმსახურებს. ძნელია საქმეზე კონცენტრირდე, როცა რამდენიმე თვე ხელფასს ვერ იღებ, როცა 3 თვე უხელფასოდ ხარ. ძნელია მიხვიდე და შედეგი მოთხოვო. ფანკლუბის სახელით, მადლობა, ბიჭებო, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ძალა გამონახეთ – ეს აუცილებლად დაგიფასდებათ“, – წერია „ჩვენ ვართ ტორპედო“-ს მიმართვაში.