„ბოკა ხუნიორსმა“ არგენტინის ლიგის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
არგენტინულმა გრანდმა, „ბოკა ხუნიორსმა“ სამ წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველი ტიტული მოიპოვა. ბუენოს აირესის კლუბმა 2026 წლის არგენტინის პროფესიული ლიგის ჩემპიონი გახდა.
გადამწყვეტ შეხვედრაში „ბოკა ხუნიორსმა“ საკუთარ სტადიონზე, „ლა ბომბონერაზე“ „დეფენსა ი ხუსტისია“ 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ დამატებულ დროში ეკვადორელმა თავდამსხმელმა, ენერ ვალენსიამ გაიტანა და გუნდს ჩემპიონობა მოუტანა.
არგენტინის ჩემპიონატის მოქმედი ფორმატის მიხედვით, ლიგის ჩემპიონის ტიტული გუნდს აპერტურისა და კლაუსურის რეგულარულ ეტაპებზე დაგროვებული ქულების საერთო რაოდენობით ენიჭება. „ბოკა ხუნიორსმა“ 32 შეხვედრაში 17 გამარჯვება მოიპოვა, 12 მატჩი ფრედ დაასრულა და მხოლოდ სამჯერ დამარცხდა. გუნდმა 63 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ „როსარიო სენტრალს“ – ერთი ქულით, ხოლო მესამეადგილოსან „არხენტინოს ხუნიორსს“ სამი ქულით გაუსწრო.
აღსანიშნავია, რომ „ბოკა ხუნიორსმა“ ბოლო ტიტული 2023 წლის პირველ მარტს მოიპოვა, როდესაც არგენტინის სუპერთასზე „პატრონატო“ 3:0 დაამარცხა. ამგვარად, კლუბმა სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უტიტულო პერიოდი დაასრულა. ეს პირველი ტიტულია ხუან რომან რიკელმესთვისაც, რომელიც კლუბის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს.
როდოლფო არუაბარენას გაწვრთნილ გუნდს მიმდინარე სეზონში კიდევ რამდენიმე ტიტულის მოპოვების შესაძლებლობა აქვს. „ბოკა ხუნიორსი“ არგენტინის თასის ნახევარფინალშია, კლაუსურის პლეიოფში გააგრძელებს ასპარეზობას, ხოლო 21 ნოემბერს სამხრეთ ამერიკის თასის ფინალში ბრაზილიურ „ატლეტიკო მინეიროს“ დაუპირისპირდება. ამასთან, გუნდმა 2027 წლის კოპა ლიბერტადორესის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.