მანუელ ნოიერი 2026 წელს ვეღარ ითამაშებს – შესაძლოა, მეკარემ სეზონის ბოლოს კარიერა დაასრულოს #1TVSPORT

19:08, 08.11.2026

მიუნხენის „ბაიერნის“ 40 წლის მეკარე და კაპიტანი მანუელ ნოიერი ტრავმის გამო, მინიმუმ, ექვს კვირას გამოტოვებს და, სავარაუდოდ, 2026 წელს მოედანზე ვეღარ დაბრუნდება.

Sky Sport-ის ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, გამოცდილმა მეკარემ გერმანიის ბუნდესლიგის მე-10 ტურში, „მაინცთან“ სტუმრად მოგებულ შეხვედრაში (2:1) მარჯვენა ტერფის მყესი ნაწილობრივ გაიწყვიტა. ნოიერმა მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო და 44-ე წუთზე ის იონას ურბიგმა შეცვალა.

„ბაიერნმა“ მეკარის ტრავმა ოფიციალურად დაადასტურა, თუმცა მისი დაბრუნების კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. გერმანული მედიის ინფორმაციით, ნოიერი, მინიმუმ, ექვს კვირას იუქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე კალენდარულ წელს მის მოედანზე დაბრუნებას აღარ ელოდებიან.

ამასთან, პლეტენბერგის ცნობით, დიდია ალბათობა, რომ გერმანელმა მეკარემ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ პროფესიული კარიერა დაასრულოს.

მანუელ ნოიერი მიუნხენის „ბაიერნში“ 2011 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდში მან არაერთი ტიტული მოიგო, მათ შორის, ორჯერ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი