წლის მესამე სუპერტურნირის – ნაცუ ბაშოს მესამე დღის შემდეგ, ტოჩინოშინი კვლავ უდანაკარგოა. ჩიოტარიუს და დაეიშოს დამარცხების შემდეგ, ლევანმა მეოთხე მაეგაშირა – ოკინოუმი დაამარცხა. ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 7:5 იყო ქართველის სასარგებლოდ.
ბრძოლა დაძაბული გამოვიდა. ოკინოუმი, ტოჩინოშინის მსგავსაც, ოშიძუმოს მიმდევარია, რაც იმას ნიშნავს, რომ მასაც მავაშიში ჩავლების აღება და დოჰიოდან მეტოქის ძალისმიერი ილეთით გაყვანა უყვარს.
დაპირისპირება ლოგიკურად წარიმართა, ლევანმა პირველივე შეჯახებისას აიღო მეტოქის მავაში, თუმცა დოჰიოს კიდესთან ახლოს აღმოჩნდა. ოკინოუმიმ მისი დოჰიოდან გაყვანა სცადა, თუმცა ტოჩინოშინმა მისი შემობრუნება და გამარჯვების მოპოვება შეძლო. ქართველი სეკივაკეს მეტოქე ხვალ მესამე მაეგაშირა ტამავაში იქნება.
დღესვე, საკუთარი დაპირისპირება მოიგო გაგამარუმაც, რომლის ბალანსზეც ახლა ორი გამარჯვება და ერთი მარცხია.