თინა ბოკუჩავა - ხელისუფლება ყოველთვის საარჩევნო ბლოკების გამოყენებით იცვლებოდა, სწორედ ამიტომ სურს ივანიშვილს ამის აკრძალვა
თინა ბოკუჩავა - ხელისუფლება ყოველთვის საარჩევნო ბლოკების გამოყენებით იცვლებოდა, სწორედ ამიტომ სურს ივანიშვილს ამის აკრძალვა

ხელისუფლება ყოველთვის სწორედ საარჩევნო ბლოკების გამოყენებით იცვლებოდა და ამის აკრძალვა ბიძინა ივანიშვილს სწორედ ამიტომ სურს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანი საკითხებია რეგულაციები მაგალითად პოლიტიკურ პარტიებისთვის საეთერო დროსთან დაკავშირებით, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შესახებ.

„ფაქტობრივად, დღეს აქ სრული პოლიტიკური სპექტრია წარმოდგენილი და მაქსიმალურად ვეცდებით, ხელისუფლება დავაჯეროთ, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ იმ რეკომენდაციების მიღება და კანონად ქცევა, რომელსაც ჩვენ დღეს შევთავაზებთ ამ ორდღიანი შეხვედრის განმავლობაში“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

დეპუტატის თქმით, საეთერო დროსთან დაკავშირებით არის ძალიან ხისტი რეგულაციები, რომელიც ცდილობს, შეუზღუდოს პოლიტიკურ პარტიას საარჩევნო რეკლამის შინაარსი.

„ეს არის პირდაპირი ცენზურა, ჩარევა ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში, რადგან თავად მან გადაწყვიტოს პოზიტიური თუ ნეგატიური რეკლამა. ხელისუფლებამ ნებისმიერი რამ შეიძლება, მიუღებლად ჩათვალოს, საკუთარი კონტროლის ქვეშ, მარეგულირებელის გამოყენებით მოახდინოს ამა თუ იმ რეკლამის დაბლოკვა წინასაარჩევნოდ და ამის მიზანია ოპოზიციური პარტიის შეზღუდვა. ეს არ არის ერთადერთი საკითხი, ასევე საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება, რომელსაც ივანიშვილი ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ იყენებს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამასთან, დეპუტატის შეფასებით, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ძალიან წარმატებით იყენებდა საარჩევნო ბიულეტინის ბათილობის მექანიზმს

ბათილი ბიულეტინის გამოყენებით ხელისუფლება სათავისოდ მანიპულირებდა კონკრეტულ საარჩევნო შედეგებს. ახლა კი ცდილობს, ეს რეგულაცია კანონით დაარეგულიროს, რათა არავინ შეედავოს შემდგომ, რატომ მოხდა ამა თუ იმ შედეგის საკუთარი კანდიდატის სასარგებლოდ გამოყენება სწორედ ბათილი ბიულეტინის მეშვეობით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ანრი ოხანაშვილი საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და უმრავლესობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების პროექტი წარადგინა. ცვლილებები შეეხება პარტიების დაფინანსების წესს, უფასო საეთერო დროს, ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესსა და სხვა საკითხებს.