თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ 21 ნოემბერს სირცხვილის კორიდორთან დაკავშირებით არაფერი იცის
თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ 21 ნოემბერს სირცხვილის კორიდორთან დაკავშირებით არაფერი იცის

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ 21 ნოემბერს, სირცხვილის კორიდორთან დაკავშირებით არაფერი სმენია და ეს განცხადება ჟურნალისტებისგან გაიგო.

„არ ვიცი, ვერ გეტყვით, ამ ინიციატივის შესახებ პირადად არ გამიგია. რა თქმა უნდა, ერთი შემიძლია გითხრათ, 21 ნოემბრის მეორე ტურის არჩევნები იქნება სრული ფარსი, რადგან მასში არ მონაწილეობს არც ერთი პოლიტიკური პარტია. რაღაც ჩრდილო კორეულს, სრულად დიქტატორულ არჩევნებს აწყობს ბიძინა ივანიშვილი, სადაც ზარ-ზეიმით იქნებიან „ასარჩევი“ მმართველი გუნდის წარმომადგენლები. თავისთავად, სირცხვილის კორიდორია და სასირცხვილო აქტია ბიძინა ივანიშვილისთვის 21 ნოემბრის არჩევნები. ამ კონკრეტულ განცხადებას არ ვიცნობ. კითხვა, რას ნიშნავს ეს განცხადება, ეს ნიშნავს იმას, რაც მოგახსენეთ, რაზეც დარწმუნებული ვარ, იქნება კონსენსუსი არამხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, არამედ ნებისმიერ აქ მყოფ ოპოზიციურ ლიდერს რომ ჰკითხოთ. დიახ, სამარცხვინო, სირცხვილის აქტია ისეთი მეორე ტურის ჩატარება, სადაც მონაწილეობს მხოლოდ მმართველი გუნდის წარმომადგენელი. კონკრეტული განცხადება ჟურნალისტებისგან გავიგე, კონკრეტულ ფორმულირებას არ ვიცნობ და შემიძლია, მოგახსენოთ ჩემი აზრი“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, 21 ნოემბერს აქციის ერთ-ერთ ფორმატად განიხილება ჯაჭვი, რომელიც თბილისში გარკვეულ მონაკვეთზე იქნება.

„რაღაც ტიპის პროტესტი იქნება, რომელიც დაემთხვევა მეორე ტურის ე.წ. არჩევნებს“,- აღნიშნა ბოკუჩავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ გუშინ ბათუმში, აქციაზე მხარდამჭერებს მოუწოდა, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე მობილიზაცია გააკეთონ საარჩევნო უბნებთან და სირცხვილის კორიდორები მოაწყონ.

ამასთან, მსგავსი განცხადება ლევან ვარშალომიძემ დღესაც გააკეთა. 

„მეორე ტურზე ყველა საარჩევნო უბანთან სირცხვილის კორიდორები მოეწყობა და თუ რამე დაპირისპირება მოხდა, პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება“,- განაცხადა ვარშალომიძემ.