ტიმი, ზვერევი და დიმიტროვიც ამერიკის ღია პირველობაზე თამაშის წინააღმდეგ გამოდიან
ტიმი, ზვერევი და დიმიტროვიც ამერიკის ღია პირველობაზე თამაშის წინააღმდეგ გამოდიან

მამაკაცთა საჩოგბურთო ტურის ვარსკვლავებმა – გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა, ბულგარელმა გრიგორ დიმიტროვმა და ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა გამოთქვეს ეჭვი იმაზე, რომ გაემგზავრებიან აშშ-ის ღია პირველობაზე სათამაშოდ.

უფრო ადრე, მსგავი განცხადებით გამოვიდა მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი – სერბმა განაცხადა, რომ მომავალი ტურნირის პირობების ატანა შეუძლებელი იქნება. მას კოლეგებიც შეუერთდნენ.

„ყველა ეს გარემოება საკმაოდ ხისტია. ვფიქრობ, ზოგიერთი რამ უნდა შეიცვალოს, რათა აზრი ჰქონდეს იქ გამგზავრებას“, – განაცხადა ტიმმა „ფრანს პრესთან” კომენტარში. მას შეუერთდა დიმიტროვი, თუმცა ორივემ აღნიშნა, რომ დაელოდებიან ტურნირის ორგანიზატორთა საბოლოო გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ ჩამოყალიბდებიან მონაწილეობაზე.

„კარგია, თუ მივიღებთ თამაშის შესაძლებლობას, მაგრამ ასეთ პირობებში არ მგონია, რომ ბევრმა ჩოგბურთელმა კომფორტულად იგრძნოს თავი“, – გაიზიარა მათი მოსაზრება ზვერევმა.

კალენდრის მიხედვით, აშშ-ის ღია პირველობა 31 აგვისტოს უნდა დაიწყოს. ორგანიზატორები ტურნირის ჩატარებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ივნისის ბოლოს მიიღებენ.