თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან ხუთ ოჯახს სასტუმროში გადაიყვანენ
თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან ხუთ ოჯახს სასტუმროში გადაიყვანენ

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან ხუთ ოჯახს სასტუმროში გადაიყვანენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა განუცხადა.

„აფეთქება მოხდა ხუთსართულიანი კორპუსის მეხუთე სართულზე, სამოთახიან ბინაში. აფეთქების გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ვიზუალური დათვალიერებით დაზიანებულია მეხუთე სართული და მეოთხე სართულის ნაწილი. ადგილზეა მობილიზებული როგორც გამგეობა, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური, ლაბორატორია, მშენებელი კომპანიები, პოლიცია, უსაფრთხოება, შსს, გაზისა და დენის მიმწოდებელი კომპანიები. ამ ეტაპისთვის პირველ სადარბაზოში, სადაც მოხდა აფეთქება, თხუთმეტი ოჯახი ცხოვრობს და რა თქმა უნდა არცერთ მოსახლეს შიგნით არ შევუშვებთ. გათიშულია ყველანაირი კომუნიკაცია, დენი, გაზი, წყალი“, – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე გამგეობა სასტუმროში მხოლოდ ხუთ ოჯახს გადაიყვანს, დანარჩენებს კი აქვთ ალტერნატიული წასასვლელი.

„რაც შეეხება მეორე სადარბაზოს, სადაც კომუნიკაციები ასევე ჩახსნილია, შევიდნენ ლაბორატორია და ინფრასტრუქტურის სამსახური. აღმოჩნდა, რომ იქ არ არის დაზიანება და შეიძლება იქ შესვლა, მაგრამ ალტერნატიული შესასვლელი არ ჰქონდათ. გვერდით ეზოდან ალტერნატიულ შესასვლელს გავუკეთებთ სადარბაზოს და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, იმათ შევუშვებთ დღეს.
ხუთი ოჯახი გადაგვყავს სასტუმროში, მხოლოდ ერთია დაზარალებული რომელიც დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი“, – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

მისივე თქმით, როდის შეძლებენ მაცხოვრებლები დაზიანებულ სადარბაზოში ნივთების ასაღებად შესვლას, ამის შესახებ ჯერ ვერ ისაუბრებს, რადგან მანამდე საფრთხის შემცველი ელემენტების ჩამოხსნა და მეოთხე სართულის ე.წ. დამჭერებით გამაგრება უნდა მოხდეს.

„რაც შეეხება მეოთხე სადარბაზოს, იქ უკვე დღესვე შეძლებენ შესვლას, როგორც კი ალტერნატიული შესასვლელი გაკეთდება და ელექტროენერგია აღდგება. აფეთქებული კორპუსის აღდგენა პრაქტიკულად უკვე დაწყებულია. როგორც ყველა დანარჩენ შემთხვევაში, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური კორპუსს აღადგენს“, – განაცხადა ირამ ზავრადაშვილმა.

აფეთქება თევდორე მღვდლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე ცოტა ხნის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. მისი მდგომარეობა მძიმეა. ჩამონგრეულია მეხუთე სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინის კედლები. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.