თეთრი სახლი მინსკში თვითმფრინავის იძულებით დასმასა და ჟურნალისტის დაკავებას „შოკისმომგვრელ ქმედებას“ უწოდებს და მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს
თეთრი სახლი მინსკში თვითმფრინავის იძულებით დასმასა და ჟურნალისტის დაკავებას „შოკისმომგვრელ ქმედებას“ უწოდებს და მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს

თეთრი სახლი ბელარუსის ხელისუფლების მიერ თვითმფრინავის იძულებით დასმასა და ჟურნალისტის დაკავებას „შოკისმომგვრელ ქმედებას“ უწოდებს. ამის შესახებ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

„ვგმობთ ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ ჟურნალისტების შევიწროებასა და თვითნებურ დაკავებას მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი თავიანთ საქმეს ასრულებენ. ევროკავშირის ორ წევრს შორის რეისის გადამისამართება ჟურნალისტის დაკავების აშკარა მიზნისთვის იყო შოკისმომგვრელი ქმედება. ეს წარმოადგენს რეჟიმის მიერ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების თავხედურ შეურაცხყოფას. ჩვენ მოვითხოვთ ამ ინციდენტზე საერთაშორისო, გამჭვირვალე და სანდო გამოძიების ჩატარებას“, – განაცხადა ჯენ ფსაკიმ.

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მომხდართან დაკავშირებით კომუნიკაცია აქვს პარტნიორებთან ნატო-ში, ეუთო-ში, გაერო-სა და ევროკავშირში.