„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ 15:00 საათზე პარლამენტთან აქციას გამართავს
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ინფორმაციით, დღეს 15:00 საათზე პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ფეისბუქზე ავრცელებს.
„არ ვაპირებთ დანებებას, სახელმწიფომ ომი გამოგვიცხადა და ჩვენ ვაგრძელებეთ ბრძოლას ჩვენი თავისუფლებისთვის“,- აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა დღეს დილით განაცხადა, რომ შესაძლებელი იყო აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აღარ გამართულიყო.
როგორც წიქარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, პარლამენტთან აქციას წყვეტენ და სამოქმედო გეგმის შესახებ საზოგადოებას მოგვიანებით აცნობებდნენ.
პარლამენტის წინ მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა აქციის რამდენიმე მონაწილე. მათ ღამე კარვებში გაათენეს, რომელიც პოლიციამ დღეს დილით აიღო. პოლიციელებმა შეკრებილებს კარვების აღებისკენ მოუწოდეს, თუმცა უარის მიღების შემდეგ კარვები თავად აშალეს.
ამასთან, დღეს დილით პარლამენტთან სამი ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის სამი პირი ამხილა.
აქციის მონაწილეები ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ.