ტერეზა მეიმ „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარეობა ოფიციალურად დატოვა
ტერეზა მეიმ „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარის პოსტი ოფიციალურად დატოვა. შესაბამის განცხადებას თემთა პალატაში „კონსერვატორთა“ ჯგუფი ავრცელებს. ტერეზა მეი პარტიის ლიდერის მოვალეობებს მისი შემცვლელი არჩევამდე შეასრულებს.
„კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარის თანამდებობისა და შესაბამისად, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების სურვილი ამ დროისთვის ოფიციალურად 11-მა კანდიდატმა გამოთქვა. როგორც მოსალოდნელია, „კონსერვატორები“ ახალ ლიდერს ივლისის მეორე ნახევარში აირჩევენ.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ძირითად პრეტენდენტებად დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი, მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი და ბრექსიტის საკითხებში ყოფილი მინისტრი ჯერემი ჰანტი სახელდებიან.
ტერეზა მეიმ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ 24 მაისს განაცხადა. ეს გადაწყვეტილება მთავრობის მეთაურმა მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა ბრექსიტის საკითხზე მის მიერ ბრიუსელთან შეთანხმებული დოკუმენტი სამჯერ ჩააგდო. არაერთი მცდელობის მიუხედავად, მეიმ ბრექსიტის გარშემო სკეპტიკოსი დეპუტატების დარწმუნება ვერ მოახერხა.