ტერეზა მეი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი გრძელვადიანი ზომების მიღებას გეგმავს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ტერეზა მეი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი გრძელვადიანი ზომების მიღებას გეგმავს. ამის შესახებ ტერეზა მეიმ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„აგრესიის უგუნური აქტის საპასუხოდ გუშინ მნიშვნელოვანი მომენტი იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. რუსეთის მიერ შექმნილი გამოწვევის საპასუხოდ, პარტნიორებთან ერთად გრძელვადიან ზომებზე ვმუშაობთ“, – აღნიშნა ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა.
ტერეზა მეის თქმით, სხვა ქვეყნებმა რუსი დიპლომატები არა მხოლოდ სოლიდარობის გამო გააძევეს, არამედ ისინი რუსეთის მიერ შექმნილ საფრთხეს აცნობიერებენ.
14 მარტს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა სახის კონტაქტს წყვეტს და ეს გადაწყვეტილება ქალაქ სოლსბერიში, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო მიიღო. ბრიტანეთი მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს.
გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის 14-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რუსი დიპლომატები გააძევოს.
ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნიდან 60 რუს დიპლომატს აძევებს და სიეტლში მდებარე რუსეთის საკონსულოს ხურავს.