ტერეზა მეი მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან ბრექსიტზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია
ტერეზა მეი მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან ბრექსიტზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან ბრექსიტზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია იმის მიუხედავად, რომ ბრიუსელსა და ლონდონს შორის მოლაპარაკებები ირლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სასაზღვრო რეჟიმის საკითხზე შეფერხდა. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ უთანხმოებამ კარგი შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა წაგვართვას და დაგვტოვოს ვითარებაში, როდესაც შეთანხმება მიღწეული არ არის. მე კვლავ მიმაჩნია, რომ მოლაპარაკებების გზით მიღწეული შეთანხმება ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის საუკეთესო გზაა. კვლავაც მიმაჩნია, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ეს განცხადება ტერეზა მეიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც ბრიუსელში ბრექსიტის საკითხებში დიდი ბრიტანეთის მინისტრის, დომინიკ რააბის წარუმატებელი ვიზიტი შედგა. ევროკავშირის ლიდერები ბრექსიტის საკითხზე 17-18 ოქტომბერს გამართავენ მოლაპარაკებებს.

ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის მთავარი უთანხმოება ბრექსიტის შემდეგ ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის საზღვრის რეგულირებას ეხება.