ტერეზა მეი - ხალხი ბრექსიტის განხორციელებას მოელის, რაც მთლიანად გაერთიანებული სამეფოსთვის იქნება გამოსადეგი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აცხადებს, რომ ბრიუსელთან მიღწეულ ბრექსიტის შეთანხმებას იცავს, რომელიც მისმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა და თანაპარტიელებმა მკაცრად გააკრიტიკეს.
საგანგებო პრესკონფერენციაზე ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ კურსი, რომელიც ბრექსიტისთვის განსაზღვრეს, სწორია.
„ხალხი კონსერვატიული პარტიისგან ბრექსიტის განხორციელებას მოელის, რომელიც მთლიანად გაერთიანებული სამეფოსთვის იქნება გამოსადეგი. ძლიერი ეკონომიკა, რაც უზრუნველყოფს სამუშაო ადგილებსა და მზარდ ანაზღაურებას, უმაღლესი ხარისხის სახელმწიფო სერვისები, რომელზე დაყრდნობაც შეგვიძლია. ჯანდაცვის ეროვნული სერვისი თითოეული ჩვენგანისთვის, შესანიშნავი სკოლები ყველა ბავშვისთვის და სახლები, რომელიც ოჯახებს სჭირდებათ. ეს არის ის, რასაც ხალხი ჩვენგან მოელის და რისი უზრუნველყოფის ვალდებულებაც გვაქვს“, – განაცხადა ტერეზა მეიმ.
სქელტანიანი შეთანხმება, რომელიც 500-ზე მეტი გვერდისგან შედგება, ოთხშაბათს, რამდენიმესაათიანი დისკუსიის შემდეგ, მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა. თუმცა, პრემიერის მიერ განსაზღვრულ კურსს ყველა მათგანი არ ეთანხმება. შედეგად, მინისტრთა კაბინეტს ოთხი წევრი გამოაკლდა. პარალელურად კი თანაპარტიელმა კონვერვატორებმა პრემიერის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხზე მუშაობა დაიწყეს.
შეთანხმება, რომელზე კონსენსუსსაც ლონდონმა და ბრიუსელმა მრავალთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიაღწიეს, ჩრდილოეთ ირლანდიისა და ირლანდიის საზღვარზე გარდამავალ პერიოდში ერთგვარი ლოკალური საბაჟო ზონის შექმნას ითვალისწინებს. ამ ფორმით მხარეებს სურთ, მაქსიმალურად შეინარჩუნონ ე.წ. უხილავი საზღვარი, რომელიც ერთიანი საბაჟო კავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ, ორ იურისდიქციას შორის სავაჭრო პროცესს დაარეგულირებს. საბაჟო ზონა მხოლოდ გარდამავალ პერიოდში იფუნქციონირებს, ვიდრე დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ახალ სავაჭრო ურთიერთობას გააფორმებენ.