ტერეზა მეი ევროკავშირის წევრობაზე ახალი რეფერენდუმის გამართვის შესაძლებლობას გამორიცხავს
ტერეზა მეი ევროკავშირის წევრობაზე ახალი რეფერენდუმის გამართვის შესაძლებლობას გამორიცხავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ევროკავშირის წევრობის შესახებ ახალი რეფერენდუმის გამართვის შესაძლებლობას გამორიცხავს. ამის შესახებ მან დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რა დროსაც დეპუტატებს სამოქმედო გეგმა ანუ ე.წ. გეგმა ბე წარუდგინა.

სიტყვით გამოსვლისას ტერეზა მეის ასევე არაფერი უთქვამს გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობაზე.

ტერეზა მეიმ აღნიშნა, რომ მეორე რეფერენდუმის გამართვის ინიციატივა თემთა პალატაში ხმების უმრავლესობას ვერ მოიპოვებს. ბრიტანეთის პრემიერი შექმნილი მდგომარეობიდან ყველაზე რეალურ გამოსავლად მისი მთავრობის მიერ ევროკავშირთან შეთანხმებული ბრექსიტის გეგმის მხარდაჭერას მიიჩნევს.

კანონმდებლებს ევროკავშირთან შეთანხმებულ გეგმაში შესწორებების წარდგენის საშუალება ექნებათ. 29 იანვარს კი პარლამენტში აღნიშნულ საკითხზე დებატები და კენჭისყრა გაიმართება.

დარჩენილი პერიოდის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან და ევროკავშირის ლიდერებთან აქტიური მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს. ტერეზა მეის სურს, რომ ბრიუსელს შეაცვლევინოს პოზიცია ე.წ. სათადარიგო გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიას შორის საზღვრის უხილავად შენარჩუნების გარანტია უნდა გახდეს იმ შემთხვევაში, თუ მხარეები გარდამავალ პერიოდში ახალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას ვერ შეძლებენ.

ამასთან, ტერეზა მეიმ უარი თქვა ბრექსიტის შემდეგ ევროკავშირის მოქალაქეებისთვის დიდ ბრიტანეთში ცხოვრების სანაცვლოდ 65 ფუნტის ოდენობის გადასახადის დაწესებაზე.

შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირის 29 მარტს უნდა დატოვოს.