თენგიზ სულაქველიძე - სპორტის ფონდის ეს დახმარება საფეხბურთო სკოლებს ძალიან სჭირდება #1TVSPORT
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი საფეხბურთო აკადემიებს დაეხმარა – ფონდის პრესსამსახურის ცნობით, ეს დახმარება ოთხ აკადემიას შეეხო.
საფეხბურთო სკოლებს – „უქიმერიონს“, თენგიზ სულაქველიძის აკადემიას, „რუსთავს“ და „საბურთალო-დიდ დიღომს“ ფონდის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი და აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ლიპარტელიანი ესტუმრნენ და საჩუქრად ბურთები, გადასაცმელები და სხვა ინვენტარი გადასცეს.
„მსგავს ღონისძიებებს მომავალშიც ვაპირებთ. ჩვენ სკოლების დირექტორებსა და მწვრთნელებს ვესაუბრებით და ვიგებთ, რა სახის დახმარება სჭირდებათ. თანამშრომლობას შემდეგშიც ვაპირებთ და საფეხბურთო ტურნირებსაც ვგეგმავთ. მსგავსი დახმარება და ტურნირები ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
ბადრი მაჭავარიანი, „რუსთავის“ დირექტორი: „ფონდის ასეთი თანადგომა მნიშვნელოვანია, რადგან ამ მოზარდებისთვის მთავარია, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესით დაკავდნენ და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებად აღიზარდონ“.
სოსო ხაჩიძე, თბილისის „უქიმერიონის” დამფუძნებელი და მთავარი მწვრთნელი: „თბილისის „უქიმერიონში” გადასახადი არ არის და ბავშვებისთვის ვარჯიში უფასოა. საფეხბურთო სკოლას არანაირი შემოსავალი არ გვაქვს, შემოწირულობის გარდა. ამიტომ ჩვენთვის თანადგომა მნიშვნელოვანია. ეს ინვენტარი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში გამოგვადგება. მადლობა ფონდს ამ დახმარებისთვის“.
თენგიზ სულაქველიძე, თენგიზ სულაქველიძის აკადემიის დამფუძნებელი: „ეს ინვენტარი სკოლებს ძალიან სჭირდება. ფონდი და მისი პარტნიორები დიდ საქმეს აკეთებენ, ბავშვთა ფეხბურთს და ზოგადად, ფეხბურთს რომ ეხმარებიან. ბევრი ასეთი ადამიანი თუ გამოჩნდება, მადლიერები ვიქნებით“.