თემურ ქეცბაია - მიხარია, რომ ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის, „ინტერის“ წინააღმდეგ ვითამაშებ #1TVSPORT
თემურ ქეცბაია სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ დარეგისტრირდა და საქართველოში მილანის „ინტერთან“ დაგეგმილი ლეგენდების მატჩის ჩატარებასთან მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა.
„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მატჩი ჩატარდება საქართველოში და მიხარია, რომ ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად, მოედანზე კიდევ ერთხელ გავალ. ჩამოდის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი, მილანის „ინტერი“, ბევრი ლეგენდარული მოთამაშით. დარწმუნებული ვარ, მსგავსი თამაშები საქართველოს დიდ პოპულარიზაციას გაუწევს, განსაკუთრებით ისეთ შესანიშნავ ქალაქს, როგორიც ბათუმია.
„ინტერში“ ითამაშეს დიდმა ფეხბურთელებმა, „ოქროს ბურთის“ მფლობელებმა, ამ კლუბს ყველა ტიტული აქვს მოგებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გულშემატკივარს არანაკლებ გაუხარდება მოედანზე ქართველი ფეხბურთელების ერთად დანახვა.
შედარებით ახალგაზრდა გულშემატკივრებს ჩვენი თამაში კარგად არ ახსოვთ, ამიტომ შანსი აქვთ, მოედანზე გვნახონ, როგორ შეგვიძლია ამ ასაკში თამაში. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ორგანიზატორებსა და სპონსორებს, ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეიტანა“, – წერს თემურ ქეცბაია.