„ტელეგრაფი“ – დონალდ ტრამპი „ბიბისის“ მისი ოჯახის წევრების დევნაში ადანაშაულებს

01:22, 17.08.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ბიბისის“ მისი ოჯახის წევრების დევნაში ადანაშაულებს მას შემდეგ, რაც მაუწყებელმა ტრამპის შვილების სასამართლოში დაბარება სცადა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ „ბიბისის“ იურისტებმა ფლორიდის სასამართლოს სთხოვეს ნებართვა, რომ დონალდ ტრამპ უმცროსი, ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე ჯარედ კუშნერი სასამართლოში დაებარებინათ, რაც მათ პრეზიდენტის მიერ „ბიბისის“ წინააღმდეგ აღძრულ 10-მილიარდიან სარჩელზე ჩვენების მიცემას დაავალდებულებდა. სარჩელი „ბიბისის“ პროექტ „პანორამაში“ გასულ დოკუმენტურ ფილმს ეხება.

„„ბიბისიმ“ განზრახ დააზიანა პრეზიდენტის რეპუტაცია და ახლა ცდილობს, ჩვენებების მიღების პროცესის ბოროტად გამოყენებით შეავიწროვოს ის, მისი ოჯახი და მხარდამჭერები“, – აღნიშნავს ტრამპის იურიდიული გუნდის წარმომადგენელი.

ნოემბერში გამოქვეყნებული მასალის თანახმად, „პანორამაში“ 6 იანვარს ტრამპის სიტყვის სხვადასხვა ნაწილი ისე იყო ერთმანეთთან შეერთებული, თითქოს ტრამპი მხარდამჭერებს კონგრესის შენობის იერიშისკენ მოუწოდებდა.

„ბიბისიმ“ გასულ წელს დონალდ ტრამპს ბოდიში მოუხადა და ფილმი პლატფორმებიდან წაშალა, თუმცა უარყო, რომ მისი რეპუტაცია დააზიანა. აშშ-ის პრეზიდენტმა კორპორაციის წინააღმდეგ 10-მილიარდიანი სარჩელი შეიტანა, საკუთარი ბრენდისა და ბიზნესის დაზიანების საფუძვლით.

„ბიბისის“ იურისტების თქმით, ტრამპის შვილებს აქვთ ინფორმაცია იმ დღეს განვითარებული მოვლენების შესახებ, თუმცა მათი დაბარება ვერ მოხერხდა, რადგან საიდუმლო სამსახური პრეზიდენტის ოჯახის წევრებთან წვდომას არავის აძლევს.

მსგავსი