„თელავმა“ ყიფიანი დაიმატა - „ლოკომოტივის“ აღზრდილი რუსეთიდან წამოვიდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ახალ სეზონში „თელავში“ ნიკა ყიფიანი ითამაშებს, – ინფორმაციას გერმანული სამენეჯერო ინტერნეტპორტალი „ტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.
ნიკა 2014-2016 წლებში თამაშობდა მოსკოვის „ლოკომოტივის“ ახალგაზრდულ გუნდში. 2015/16 წლების სეზონის ბოლოს ორი კვირის განმავლობაში „ორენბურგში“ ვარჯიშობდა. 2016 წლის სექტემბერში ხელი მოაწერა კონტრაქტს კვიპროსის უმაღლესი დივიზიონის ეთნიკოს „ახნასთან“. 2017 წელს ყიფიანი ნიქოზიის „ომონიაში“ ჩაირიცხა.
ნიკას საქართველოს ჩემპიონატშიც უთამაშია – 2019 წლის იანვრიდან ივლისამდე „რუსთავში“ გამოდიოდა. ზაფხულში რუსეთში დაბრუნდა და 25 ივლისს ხელი მოაწერა 1-წლიან კონტრაქტს ყაზანის „რუბინთან“, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასთან, ზურიკო დავითაშვილთან და ბექა მიქელთაძესთან ერთად თამაშობდა.
2020 წლის 16 თებერვალს მან გააფორმა კონტრაქტი ვოლგოგრადის „როტორთან“, სადაც კვლავ ზურიკო დავითაშვილის, გიორგი არაბიძისა და ბექა მიქელთაძის გვერდით თამაშობდა, პლუს მისი თანაგუნდელი საბა კვირკველია გახდა. მაგრამ 2021/2022 წლების სეზონის ბოლოს „როტორი“ დატოვა.
ყიფიანი იყო რუსეთის ყველა ასაკობრივი ნაკრების (U-15, U-16, U-17, U-18, U-19) წევრი. 19-წლამდელთა შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.