თეა წულუკიანი - შემიძლია, ვივარაუდო, რომ სალომე ზურაბიშვილი გულისხმობდა სააკაშვილის ექსპრეზიდენტის სტატუსს, სხვა მხრივ ის ზუსტად ისეთივე პატიმარია, როგორიც ნებისმიერი სხვა
თეა წულუკიანი - შემიძლია, ვივარაუდო, რომ სალომე ზურაბიშვილი გულისხმობდა სააკაშვილის ექსპრეზიდენტის სტატუსს, სხვა მხრივ ის ზუსტად ისეთივე პატიმარია, როგორიც ნებისმიერი სხვა

არ ვიცი, რას გულისხმობდა საქართველოს პრეზიდენტი, შემიძლია, მხოლოდ ვივარაუდო, რომ ის გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილის ექსპრეზიდენტის სტატუსს. სხვა მხრივ, ეს პატიმარი, რა თქმა უნდა, ზუსტად ისეთივე პატიმარია, როგორიც ნებისმიერი სხვა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებაზე კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.

თეა წულუკიანმა ყველა პატიმარს, რომელიც დღეს ციხეში შიმშილობს, შიმშილობის შეწყვეტისაკენ მოუწოდა.

„მინდა, კიდევ ერთხელ ყველა იმ პატიმარს, რომელიც დღეს საპატიმროში შიმშილობს, მოვუწოდო შიმშილობის შეწყვეტისაკენ, რადგან ეს არის პროტესტის ფორმა, რომელიც სერიოზულად აზიანებს ჯანმრთელობას. არ ვიცი, რამდენია მათი რიცხვი, ჩემი მინისტრობისას რაოდენობა მერყეობდა საშუალოდ 20-25-ის ფარგლებში. მინდა, ყველას მოვუწოდო, თუკი პროტესტის გრძნობა გვაქვს, ეს პროტესტი გამოვხატოთ სხვა ფორმით და არა ჩვენი შვილების, ოჯახის წევრების ნერვიულობის ფასად და საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანონის წინაშე ყველა ერთია და შესაბამისად, ყოფილი პრეზიდენტის დაკავებაც კანონის უზენაესობის პრინციპებიდან გამომდინარეობს. თუმცა, მისივე თქმით, ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი ვერ იქნება რიგითი პატიმარი, ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, როგორ მოვეპყრობით მას.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხზე აღნიშნა: „თუ ვთანხმდებით, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის და ვერ იქნება, მაშინ ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ ის შესაძლებლობა, რაც ეძლევათ რიგით პატიმრებს, რომ გადაყვანილი იყვნენ სამოქალაქო სივრცეში, სწორედ ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, უფრო რთულად განსახორციელებელია, მრავალი შესაძლო საფრთხეებიდან გამომდინარე, რისი დაზღვევაც ურთულესია“.

ამავდროულად, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ევალება, საზოგადოებას აცნობოს, კონკრეტულად არსებული დაწესებულება აკმაყოფილებს თუ არა ამ სტანდარტებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს.