თეა წულუკიანი - ოპოზიციის ბედი იცის მხოლოდ ღმერთმა
თეა წულუკიანი - ოპოზიციის ბედი იცის მხოლოდ ღმერთმა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ოპოზიციურ პარტიებში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

კითხვაზე, როგორ აფასებს ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს, წულუკიანმა უპასუხა, რომ მათი ბედი მხოლოდ ღმერთმა იცის.

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი გუშინ ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილს მოუწოდა, ოპოზიციის შეხვედრებზე აღარ მივიდეს.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, გეგმები არ შეცვლილა და ოპოზიცია კვლავ ერთიანია. ჯაფარიძის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების ურთიერთობას არაფერი ემუქრება. ამასთან, ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ 51 ოპოზიციონერს, რომელმაც მანდატების გაუქმებაზე პარლამენტში განაცხადი შეიტანა, „გირჩის“ სამი წევრი დაემატება.

ამასთან, „გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას თქმით, პოლიტიკოსების მხრიდან ერთმანეთის უშვერი სიტყვებით კრიტიკა მიანიშნებს, რომ ჯერჯერობით საქართველო მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე ქვეყანა არ არის. თუმცა, ხვიჩიას განმარტებით, ყველასთან გააგრძელებენ კომუნიკაციას.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ უნდა შეწყდეს ოპოზიციას შორის დებატები, ვინ შედის პარლამენტში და ვინ არა, ყველამ უნდა მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ალეკო ელისაშვილი მათთვის საინტერესო აღარ არის. ჩიხლაძის თქმით, ელისაშვილი ყველა პარტიას თავს ესხმის და შეუძლია, ცალკე გზა აირჩიოს.

თავის მხრივ კი, ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, რომ მისმა პარტიამ ცირკზე, რომელიც ოპოზიციაშია მოწყობილი, საუბარი დაასრულა. ელისაშვილის განმარტებით, „ქართულ ოცნებას“ თუ გამოგლეჯენ იმას, რაც მათთვის მნიშვნელოვანია, პარლამენტში შევლენ“. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაცხადებენ.