იაგო ხვიჩია - ყველასთან გავაგრძელებთ კომუნიკაციას, ემოციას გვერდით ვდებ, ადამიანებს მათი ხასიათების მიუხედავად ველაპარაკები, რათა ჩემს მიზანს მივაღწიო, ამისთვის ამირჩიეს პარლამენტში
იაგო ხვიჩია - ყველასთან გავაგრძელებთ კომუნიკაციას, ემოციას გვერდით ვდებ, ადამიანებს მათი ხასიათების მიუხედავად ველაპარაკები, რათა ჩემს მიზანს მივაღწიო, ამისთვის ამირჩიეს პარლამენტში

ყველა ჩემს ემოციას გვერდით ვდებ და ადამიანებს მათი ხასიათების, ერთმანეთთან ურთიერთობების მიუხედავად ველაპარაკები, რათა საკუთარ მიზანს მივაღწიო, ამისთვის ამირჩია ხალხმა პარლამენტში და არა იმისთვის, ვარკვიო, ვის როგორი ხასიათი აქვს, რამდენად წესიერად იქცევა რომელიღაც მათგანი ურთიერთობაში, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას შეფასებით, პოლიტიკოსების მხრიდან ერთმანეთის უშვერი სიტყვებით კრიტიკა მიანიშნებს, რომ ჯერჯერობით საქართველო მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე ქვეყანა არ არის.

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ყველასთან გააგრძელებენ კომუნიკაციას.

„სააჯაროობაში მე ვგულისხმობ იმ პოლიტიკური პროცესის აღწერას, რაშიც ვიმყოფებოდით წინა თვენახევრის განმავლობაში და არა იმას, რომ ვიღაცებმა, ვისაც ერთმანეთი არ მოსწონთ, ერთმანეთი უშვერი სიტყვებით ლანძღონ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით ჩვენ არ ვართ მაღალი პოლიტიკური კულტურის ქვეყანა.

იცით, რამდენი ვინმე არ მომწონს ქართულ პილიტიკაში? მაგრამ ამის მიუხედავად, ვიცი, რომ ხმები არის თვლით და 113 დეპუტატის ხმა მჭირდება ჩემი მიზნის მისაღწევად. შესაბამისად, ყველა ჩემს ემოციას გვერდით ვდებ, ადამიანებს მათი ხასიათისა და ერთმანეთთან ურთიერთობების მიუხედავად ველაპარაკები, რათა საკუთარ მიზანს მივაღწიო. ამისთვის ამირჩია ხალხმა საქართველოს პარლამენტში და არა იმისთვის, რომ ვარკვიო, ვის როგორი ხასიათი აქვს, რამდენად წესიერად იქცევა რომელიღაც მათგანი ურთიერთობაში.

ჩვენ გავაგრძელებთ კომუნიკაციას ყველასთან. „მოქალაქეების“ საქციელი რომ არ მომეწონა გუშინ, ეს საჯაროდაც ვთქვი, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში სხვადასხვა დროს ბევრის საქციელი არ მომწონებია. ამის მიუხედავად, ვზივარ მოლაპარაკების მაგიდასთან და ვცდილობ, რამე გამოვიყვანო, რათა საკუთარ მიზანს მივაღწიო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.