ზაალ უდუმაშვილი - ვფიქრობ, უნდა შეწყდეს ოპოზიციას შორის დებატები, ვინ შედის პარლამენტში და ვინ არა, ყველამ უნდა მოთოკოს ნერვები და მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება
ზაალ უდუმაშვილი - ვფიქრობ, უნდა შეწყდეს ოპოზიციას შორის დებატები, ვინ შედის პარლამენტში და ვინ არა, ყველამ უნდა მოთოკოს ნერვები და მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაალ უდუმაშვილის შეფასებით, უნდა შეწყდეს ოპოზიციას შორის დებატები, ვინ შედის პარლამენტში და ვინ – არა, რადგან საბოლოო ჯამში საზოგადოება გადაწყვეტს, ვისი პოზიცია უფრო გამართლებულია.

უდუმაშვილის თქმით, ოპოზიციას ახლა ბევრად მნიშვნელოვანი გეგმები აქვს განსახორციელებელი.

„ზოგადად არ არის კარგი საყურებელი ის, რაც ბოლო დღეების განმავლობაში სატელევიზიო ეთერებში ხდება. ვფიქრობ, ზოგადად უნდა შეწყდეს ოპოზიციას შორის დებატები იმ თემაზე, ვინ შედის პარლამენტში და ვინ – არა, რადგან საბოლოო ჯამში საზოგადოება გადაწყვეტს, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი, ვისი პოზიცია არის უფრო გამართლებული. ოპოზიციას ახლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გეგმები აქვს განსახორციელებელი, რაც არის შესათანხმებელი, ჩვენ გაზაფხულიდან ბუნებრივია, უნდა დავიწყოთ ძალიან აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მივაღწიოთ მთავარ ამოცანას, ეს არის ქვეყანაში ახალი არჩევნები“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

ამასთან, უდუმაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ეთერში ურთიერთბრალდებები „ქართული ოცნებისთვის“ არის ხელსაყრელი და ემოციები ყველამ უნდა მოთოკოს.

„რაც შეეხება ამ ურთიერთბრალდებებს, რომლებიც ისმის ეთერში, ბუნებრივია, ასეთი ვითარება ერთადერთ ადამიანს აწყობს, ეს არის ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, თითქოსდა დაანახოს საზოგადოებას, რომ ბზარი არსებობს ოპოზიციას შორის.

ვფიქრობ, ახლა ყველამ უნდა მოთოკოს ნერვები და ინდივიდუალურად მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება. არ არის პრობლემა, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, რომ შევიდეს პარლამენტში, გამოაცხადოს და ვინც რჩება ძველ პოზიციაზე, რომ შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნები, ბუნებრივია, გავყვებით იმ გეგმას, რაც არსებობდა.

ჩვენი პოზიცია ყველასთვის ცნობილია, მათ შორის 31 ოქტომბრის ღამის შემდეგ, როდესაც ვთქვით, რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ახალი არჩევნები, ამ პოზიციის ერთგული ვართ, ისევე როგორც ცნობილია ელისაშვილის პოზიცია. არ ვიცი, სხვა როგორ უნდა ვისაუბროთ, მემგონი ყველამ უნდა შეწყვიტოს ამ თემაზე ზედმეტი დებატები და მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები. არ ვიცი, როდესაც პარტიები შევიკრიბებით ერთად და დავსხდებით, მაშინ მიიღება კონკრეტული გადაწყვეტილებები, ვინ როგორ, რა ფორმატში განაგრძობს საუბარს. გეგმასაც ჩვენ ერთად შევიმუშავებთ. ფაქტია, ძალინ დიდი შანსია, რომ ეს პარლამენტი დარჩეს ერთპარტიულად, რადგან არ არსებობს არანაირი ნიშანწყალი, რომ ხელისუფლება მზად არის შეთანხმებისთვის, ჯერ არც მეხუთე რაუნდზე არის სიგნალი.

ასე რომ, თუ ეს ასე დარჩა, ნიშნავს, რომ მთელი პოლიტიკური პროცესები უკვე გადაინაცვლებს ქუჩაში, სწორედ ამაზე გვინდა მწყობრი გეგმა მთელ ოპოზიციას, აქ არ არის საუბარი რევოლუციაზე, საუბარია პოლიტიკურ ბრძოლაზე, რომელიც მიგვიყვანს საბოლოო მიზნამდე, რაც არის ახალი არჩევნები“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილის განმარტებით, მოლაპარაკების გაგრძელება ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

„გირჩის“ პოზიციაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ერთი ვიცი, „ნაციონალურ მოძრაობას“ რა უნდა, ძალიან ბევრ ოპოზიციურ პარტიას ჩამოყალიბებული აქვს გეგმა, რომ ერთად ვმოქმედებთ და ერთიან გადაწყვეტილებებს ვიღებთ, როდესაც ვსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩვენი ძლიერება არის ჩვენს ერთიანობაში, ამიტომ  სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებიც მიიღება საერთო ძალებით. მოლაპარაკებების გაგრძელება დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, არანაირი მოლაპარაკებები ოპოზიციას არ ჩაუშლია, მზად ვართ, დღესაც მივიდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, მთავარია, ხელისუფლება იყოს მზად“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში ერთმანეთს  დაუპირისპირდნენ.

დატოვე კომენტარი