ბადრი ჯაფარიძე - ვფიქრობ, 51 ოპოზიციონერს, რომელმაც მანდატების გაუქმებაზე განაცხადი შეიტანა, „გირჩის“ სამი წევრი დაემატება
ბადრი ჯაფარიძე - ვფიქრობ, 51 ოპოზიციონერს, რომელმაც მანდატების გაუქმებაზე განაცხადი შეიტანა, „გირჩის“ სამი წევრი დაემატება

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, გეგმები არ შეცვლილა და ოპოზიცია კვლავ ერთიანია.

„51 ოპოზიციონერს, რომელმაც შეიტანა განაცხადი მანდატების გაუქმებაზე, ვფიქრობ, დაემატება „გირჩის“ სამი წევრი, რომლებიც, ჩემი ღრმა რწმენით, ასევე ბოიკოტის რეჟიმს შეუერთდებიან, რადგან მათ ვერ წარმოუდგენიათ პარლამენტში შესვლა, თუ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი არ შევიდა. ამ მხრივ არანაირი ცვლილება არ არის. ჩვენ ვგულისხმობთ 51-ს პლუს სამ ადამიანს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ბოიკოტის შესაწყვეტად, „ქართულ ოცნებასთან“ პოლიტიკური შეთანხმება აუცილებელია.

„პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არის პოლიტიკური შეთანხმება, რომლის მთავარი ელემენტი  ვადამდელი არჩევნების თარიღია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების ურთიერთობას არაფერი ემუქრება.

„არის ერთი პარტია, რომელსაც თავისი გზა აქვს. ჩვენ – დანარჩენ პარტიებს, მათ შორის „გირჩსაც“ არ გვაქვს დიდი განსხვავება იმ თვალსაზრისით, რომ დიდი პოლიტიკური შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ბოიკოტი გრძელდება. „გირჩის“ წევრებიც არიან ამ მოსაზრებაზე, რომ აუცილებელია შეთანხმება და ამ პოლიტიკური შეთანხმებისადმი ოპოზიციური მხარდაჭერა. რამე განსაკუთრებული ბოლო დღეებში არ მომხდარა, ჩვენ ვსაუბრობთ 54 ოპოზიციონერზე, რომელთა მოსაზრებები არ შეცვლილა. „გირჩის“ წევრებს აქვთ მოსაზრება, რომ შეიძლება არსებობდეს სხვა ტიპის, განსხვავებული მოდელი. მათ აქვთ ამის ლეგიტიმური უფლება, მაგრამ მთავარია, ისინი არ მოიაზრებენ პარლამენტში შესვლას, თუ არ იქნება პოლიტიკური შეთანხმება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.