თეა წულუკიანი მთავარი პროკურორობის კანდიდატის შესარჩევ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს
თეა წულუკიანი მთავარი პროკურორობის კანდიდატის შესარჩევ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს

იუსტიციის მინისტრი, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე თეა წულუკიანი მთავარი პროკურორობის კანდიდატის შესარჩევ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, – ამის შესახებ პირველ არხს იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს.

საპროკურორო საბჭოს სხდომა მინისტრმა გახსნა. თეა წულუკიანი საპროკურორო საბჭოს სხდომას წარმართავს, თუმცა კანდიდატებს კითხვებს არ დაუსვამს.

„კენჭისყრაში მონაწილეობას არ ვაპირებ, რადგან არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები და როგორც აქამდე იყო, თქვენ გქონდეთ  აბსოლუტურად თავისუფლად, ინდივიდუალურად, ფარული კენჭისყრით, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი, გადაწყვეტილების მიღების საშუალება,  საზოგადოებამ დაინახოს საბჭოს აზრი, რომელიც არის თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში. არ იყოს რამე კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არის თავმჯდომარის პოზიცია გადამწყვეტი. იმ ღიაობის ჭრილში, რაზეც ამდენი ვისაუბრეთ, მნიშვნელოვანია, ამ ჯერზე, ეს მაგალითი ვაჩვენოთ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა სხდომაზე.

საპროკურორო საბჭო დღეს მთავარი პროკურორობის ერთ კანდიდატს კენჭისყრით შეარჩევს. მანამდე კი, კანდიდატებს გაესაუბრება, მათ ხედვებსა და გეგმებს მოისმენს. მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატებად საბჭოში შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშივილი იყვნენ წარდგენილი. თუმცა, შალვა შავგულიძემ დღეს საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

საპროკურორო საბჭოს სხდომას ესწრებიან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი; საბჭოს წევრები − ანა კალანდაძე, კონსტანტინე სირაძე, ანზორ უსტიაძე, გიგა ძნელაძე, ივანე კაკალია, მამუკა ფიფია, გოჩა ფარულავა, ნანა ხუნჯუა, ვასილ მშვენიერიძე, სერგო მეთოფიშვილი, პოლიკარპე (თემურ) მონიავა, ირმა ჭკადუა. რაც შეეხება ოთარ კახიძეს, მან გასაუბრების პროცესზე, რომელიც, დებულების თანახმად, დახურულია, ჟურნალისტების დასწრება მოითხოვა. იუსტიციის მინისტრმა საკითხი კენჭისყრაზე დააყენა, რომელსაც საპროკურორო საბჭოს არც ერთმა წევრმა მხარი არ დაუჭირა, რის შემდეგაც კახიძემ სხდომა დატოვა.