ოთარ კახიძემ საპროკურორო საბჭოს სხდომა დატოვა
ოთარ კახიძემ საპროკურორო საბჭოს სხდომა დატოვა

საპროკურორო საბჭოს წევრმა, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ოთარ კახიძემ საპროკურორო საბჭოს სხდომა დატოვა.

კახიძე მოითხოვდა, საბჭოს დღევანდელი სხდომა, სადაც მთავარი პროკურორობის კანდიდატებს უსმენენ, მედიისთვის ღია ყოფილიყო, თუმცა საბჭომ მისი პოზიცია არ გაიზიარა.

„სხდომის დაწყებისთანავე დავაყენე საკითხი, რომ კანდიდატებთან  გასაუბრება მედიისთვის ღია ყოფილიყო, როგორც არის ღია კენჭისყრის და ხმის დათვლის პროცესი. მნიშვნელოვანია,  საზოგადოებამ მიიღოს პასუხები ლაივრეჟიმში კანდიდატებისგან და შეაფასოს მათი კვალიფიკაცია, მაგრამ საპროკურორო საბჭომ აღნიშნული მოთხოვნა არ გაიზიარა. სხდომა იქნება დახურული და ვერ ვხედავ აზრს, მივიღო მონაწილეობა ამ პროცესში“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისი თქმით, იგივე პოზიცია აქვს მთავარი პროკურორობის კანდიდატ შალვა შავგულიძეს. შავგულიძის კანდიდატურა სწორედ „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა.

„ჩვენ არ გვქონია ილუზია, რომ ეს საპროკურორო საბჭო აირჩევდა შალვა შავგულიძეს მთავარ პროკურორად, ვინაიდან ისინი დღევანდელი ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის სრული გავლენის ქვეშ არიან.  შალვა შავგულიძე თავადაც გააკეთებს კომენტარს, მაგრამ ეს პოზიცია გვაქვს შეთანხმებული. ის ხსნის საკუთარ კანდიდატურას“, – განაცხადა კახიძემ.

მისი თქმით, საბჭოს სხდომაში მონაწილეობას აზრი არ აქვს, თუ საზოგადოება პროცესს ვერ მიადევნებს თვალს და პასუხებს ვერ მიიღებს.

„საპროკურორო საბჭო დავტოვე იმის გამო, რომ ვერ ვხედავ აზრს მონაწილეობის, თუ საზოგადოებამ ვერ მიიღო პასუხები, ვერ იხილა  პროცესი ღია რეჟიმში და თუ თეა წულუკიანმა წარმართა ეს პროცესი,  მასში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავ. ისედაც ვიცოდით, რომ არ აირჩევდნენ შალვა შავგულიძეს, ისეთი პოლიტიკური კონიუქტურაა შექმნილი ამ საპროკურორო საბჭოში, მაგრამ საერთოდ პროცესის გახსნილობაზეც არ არიან თანახმა“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში საპროკურორო საბჭოს სხდომა იმართება. საპროკურორო საბჭოს არჩევანი შალვა თადუმაძის, შალვა შავგულიძის და ნინო გოგნიაშვილს შორის  ერთ კანდიდატზე უნდა გეკეთებინა, თუმცა, როგორც გაირკვა, შავგულიძე საკუთარ კანდიდატურას ხსნის.

როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე კანდიდატებთან გასაუბრება დახურული იქნება, ხოლო კენჭისყისყრის პროცესი ღია. ამასთან, კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.