თეა წულუკიანი - „აიარაისა“ და „ენდიაის“ კვლევები ვერ იქნება გამოყენებული იმისთვის, რასაც კვლევა უნდა ემსახურებოდეს  
თეა წულუკიანი - „აიარაისა“ და „ენდიაის“ კვლევები ვერ იქნება გამოყენებული იმისთვის, რასაც კვლევა უნდა ემსახურებოდეს  

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ბოლო წლების არჩევნების შედეგებით, „აიარაის“ და „ენდიაის“ კვლევები რეალობას ვერ ასახავს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გუშინ გამოქვეყნებული კვლევების შეფასებისას განაცხადა.

აიარაის“ და „ენდიაის“ კვლევებს დიდი ხანია, აღარ ვუყურებ, რადგან მრავალჯერ ჩავატარეთ თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები და არც ერთხელ, თუნდაც ტენდენციების დონეზე, აღარაფერს ვამბობ ციფრებზე, მიახლოებითაც კი არ დაემთხვა არც ერთი ამ კვლევის შედეგი ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს.

შესაბამისად, სამწუხაროდ, ეს კვლევები ვერ იქნება გამოყენებული იმისთვის, რასაც კვლევა უნდა ემსახურებოდეს, იყოს სამუშაო ინსტრუმენტი, გაგიწიოს გიდობა პოლიტიკაში თუ სხვა პროფესიულ საქმიანობაში. ამიტომ, არ არის საინტერესო, ვინაიდან რეალობას ვერ ასახავს, არა ჩემი გადასახედიდან, არამედ იმ საარჩევნო შედეგების მიხედვით, რაც ქართველმა ხალხმა ბოლო წლებში არჩევნების შედეგად დადო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, „აიარაის“  [IRI] კვლევის მიხედვით, მიმდინარე კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 23 პროცენტი ხმას მისცემდა „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობა – გაერთიანებულ ოპოზიციას“ 15 პროცენტი, „ევროპულ საქართველოს“ ხუთი პროცენტი. „ლეიბორისტულ პარტიას“ ხმას მისცემდა ხუთი პროცენტი, გამოკითხულთა ოთხი პროცენტი ხმას მისცემდა „პატრიოტთა ალიანსს“, „სამოქალაქო მოძრაობა“ – სამი პროცენტი, „ახალი საქართველოსთვის“- ორმა პროცენტი, „დემოკრატიულ მოძრაობა-გაერთიანებული საქართველოსთვის“ ასევე ორი პროცენტი.  „ლელოს“ გამოკითხულთა ორი პროცენტი მისცემდა ხმას, „გირჩს“ – ერთი პროცენტი, „შენების მოძრაობა“ – ერთი პროცენტი. გამოკითხულთა 32-მა პროცენტმა უპასუხა, რომ არ იცის ან არ სურს პასუხის გაცემა. კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მცხოვრებმა. კვლევის ცდომილება პლუს-მინუს 2.5 პროცენტია.