თეა წულუკიანი - ათი წელია, პარლამენტში დავდივარ და ასეთი გასაცოდავებული, გაპარტახებული და განულებული ოპოზიცია არ მინახავს
თეა წულუკიანი - ათი წელია, პარლამენტში დავდივარ და ასეთი გასაცოდავებული, გაპარტახებული და განულებული ოპოზიცია არ მინახავს

ათი წელია, პარლამენტში დავდივარ და ასეთი გასაცოდავებული, გაპარტახებული და განულებული ოპოზიცია არ მინახავს, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ზოგადად, მინისტრის საათის გამოცდილებიდან გამომდინარე, მინდა, გითხრათ, რომ ათი წელია, პარლამენტში დავდივარ და ასეთი გასაცოდავებული, გაპარტახებული და განულებული ოპოზიცია მე არ მინახავს – არა არგუმენტი, არა მობილიზებულობა, არა გუნდურობა, არა კოორდინაცია. მე მახსოვს მინისტრის საათები, როდესაც იყო უმწვავესი დებატები ჩემთან მიმართებაში, მაგრამ ოპოზიციის ფლანგზე რომ გამოიხედავდი, მათ ჰქონდათ ნამუშევარი, ყველას ჰქონდა თავისი კითხვა და ყველას ჰქონდა თავისი პასუხი. ისინი არ არიან მომზადებული“, – განაცხადა წულუკიანმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ელოდება თუ არა ხელისუფლება ცხელ შემოდგომას, რასაც ოპოზიცია აანონსებს, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ის არავითარ ცხელ შემოდგომას არ ელოდება და ხელისუფლება ელოდება 2024 წლის არჩევნებს.

„მე არ ველოდები არც ცხელ შემოდგომებს, არც ცხელ გაზაფხულებს და არც არავითარ სიცხეებს, გარდა ზაფხულის თვეებისა. ჩვენ ველოდებით 2024 წლის არჩევნებს, რომელიც „ქართული ოცნების“ ინიციატივით ჩატარდება ელექტრონული არჩევნები, რაც ყველაზე მეტად მახარებს. ერთხელ და სამუდამოდ, კიდევ ერთხელ, მაგრამ სამუდამოდ გაცხადდება ოპოზიციის რეალური სახე, რომ ამ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ პირობებში არჩევნები არ ყალბდება, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ ისეთი საარჩევნო სია შევიმუშავეთ, სადაც ერთი ამომრჩეველი ერთ ხმას უდრის და ელექტრონული არჩევნები რეალურად, გამორიცხავს ყველანაირი მანიპულაციის რისკს“, – განაცხადა წულუკიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შესაძლებელი თუ არა, ევრორეკომენდაციების 12 პუნქტიდან დეპოლარიზაცია აღმოჩნდეს ერთადერთი შეუსრულებელი პუნქტი, რადგან ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის რეკომენდაციებზე მუშაობის პროცესში თანამშრომლობა ამ დრომდე ვერ შედგა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ 12 პუნქტის შესრულებაზე ძალიან სიღრმისეული მუშაობა მიმდინარეობს და ეს დასაფასებელია.

„თუ ობიექტურად შევხედავთ, 12-ვე პუნქტი შესრულდება. თუ ვინმეს უნდა, რომ დეოლიგარქიზაციის პუნქტიც შესრულდეს და ალბათ, შესასრულებელია, ასე მგონია, ეს კანონიც მისაღებია. არავითარი სირთულე ამაში არ არის, მაგრამ მე არ მგონია, რომ ოპონენტებს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი უნდათ. იმიტომ, რომ ეს მათ ძალიან ბევრ წევრს შეეხება“, – განაცხადა წულუკიანმა.

კულტურის მინისტრის თქმით, მანამდე, ამ ქვეყანაში ვერავინ ვერ წარმოიდგენდა ან იოცნებებდა, რომ სახალხო დამცველის არჩევის ისეთი დემოკრატიული და კიდევ უფრო გამჭვირვალე წესი იქნებოდა შემოტანილი, როგორც ახლა არის.

„მე არ ვიცი, ამის ანალოგი თუ არის რომელიმე სხვა ქვეყანაში. შეიძლება, ამის მსგავსი ან მასთან მიახლოებული იყოს სკანდინავიის ქვეყნებში, რომლებიც ომბუდსმენის სამშობლო არიან, მაგრამ ეს არის მართლაც ძალიან დიდი ღიაობის მაჩვენებელი და დარწმუნებული ვარ, სახალხო დამცველის შესახებ კანონში შეტანილი ასეთი დემოკრატიული ცვლილებები დასავლეთ ევროპის იმ ქვეყნებშიც არ იქნება, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან. შესაბამისად, ეს უნდა დავაფასოთ. იგივე ეხება ყველა პუნქტს, ქალთა უფლებები იქნება ეს, სასამართლო, თუ სხვა“, – განაცხადა წულუკიანმა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, იუსტიციის მინისტრობისას, რვა წლის განმავლობაში სასამართლო რეფორმაზე ბევრი იმუშავა და რაც უნდა სიკეთე და პროგრესი წამოეწყო, თუ არ გააკეთებდა იმას, რასაც კარნახობდა ფსევდოენჯეო, რომელიც ვიღაცის ხელში იარაღია, იმ რეფორმას ჩაფლავებულს და ანტიევროპულს უწოდებდნენ. მისივე თქმით, მთავრობამ და პარლამენტში უმრავლესობამ რაც არ უნდა გააკეთოს, საკმარისად დადებითი არაფერი არ იქნება, რადგან მკვიდრდება აზრი, რომ, კარგი ტონი არ არის, როცა კარგი რაღაც კეთდება და ამის შესახებ ამბობ.

„ეს რაღაცნაირი ასე ვთქვათ, პროცესი მიმდინარეობს გარკვეული ძალების მიერ, რომ ეს დაამკვიდრონ, როგორც მოდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.