თბილისში უკრაინის საელჩოსთან მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“ აქციას მართავს
თბილისში უკრაინის საელჩოსთან მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“ აქციას მართავს

თბილისში უკრაინის საელჩოსთან მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“ უკრაინელი ხალხის მხარდამჭერ აქციას მართავს.

აქციის მიზანი, ქერჩის სრუტეში რუსული აგრესიის დაგმობაა.

საელჩოსთან შეკრებილები მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი რეაქცია მისცეს რუსეთის ამ ძალადობრივ ქმედებას.

„კიდევ ერთხელ გვინდა დავაფიქსიროთ, რომ „რუსეთი ოკუპანტია”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.

პეტრო პოროშენკომ უკრაინაში საომარი მდგომარეობის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.