არიან ადემი საქართველოსთან „ევრო2020“-ის პლეიოფის ფინალური მატჩისთვის ჩრდილეოთ მაკედონიის ნაკრებთან ერთად თბილისში მოემგზავრება, მაგრამ ითამაშებს თუ არა, ეს ჯერ უცნობია – ინფორმაციას გამოცემა „სპორტმედია“ ავრცელებს.
არიან ადემმა Covid-19 დაამარცხა, მაგრამ საქართველოსთან მატჩამდე ხორვატიის ჩემპიონატში მისი გუნდის, ზაგრების „დინამოს“ მატჩამდე გახურების დროს დაშავდა და შეხვედრის დაწყებაც კი ვერ მოახერხა. მან ზაგრებში სამედიცინო შემოწმება გაიარა, შემდეგ სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდა. თბილისში მისი თამაშის შანსი ძალიან მცირე იყო, მაგრამ ის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ მაინც სიაში ჩასვა.
„არიან ადემი თბილისში მიდის და ჩრდილეოთ მაკედონიის ნაკრებთან იქნება. მაგრამ არ არის ცნობილი, საერთოდ შეძლებს თუ არა მოედანზე გასვლას. ჩვენ დაველოდებით მისი ვითარების გარკვევას. ადემს ზურგის ტრავმა აქვს, რომელიც მან მიიღო ზაგრების „დინამოს“ ბოლო მატჩამდე“,- წერს „სპორტმედია“.
თავის დასაზღვევად, იგორ ანგელოვსკის მის ნაცვლად ენურ ტოტრე მოჰყავს, რომელიც „შკენდიას” ნახევარმცველია. ის ყოველთვის სარეზერვო მოთამაშედ ითვლებოდა და საქართველოს წინააღმდეგ სკოპიეში გამართულ მატჩშიც მხოლოდ ბოლო მომენტში მიიწვიეს.
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა „დინამო-არენაზე“ 12 ნოემბერს გაიმართება. ეროვნული გუნდის ისტორიული მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 21:00 საათიდან შემოგთავაზებთ.