ჯანო ანანიძე - დღეს ყველაზე მეტად თანადგომა ამ ბიჭებს სჭირდებათ
ჯანო ანანიძე - დღეს ყველაზე მეტად თანადგომა ამ ბიჭებს სჭირდებათ

ჯანო ანანიძემ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს „ინსტაგრამის“ გვერდზე მიმართა – 28 წლის ფეხბურთელის თქმით, ნაკრების წარუმატებლობას უამრავი მიზეზი აქვს.

„გუშინდელი თამაშის შემდეგ წარმოდგენაც არ მინდა, რას გრძნობენ ახლა ბიჭები. ყველაზე მეტად გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატზე თამაში ხომ მათ სურდათ და მათი ოცნება იყო, ისევე როგორც ჩემი. ეს შანსი ჩვენ ყველამ ერთად ვერ გამოვიყენეთ და ამის უამრავი მიზეზი იყო. კვარაცხელიას და შენგელიას კორონავირუსი, ჩაკვეტაძეს და კიტეიშვილს ტრავმები და ამას დამატებული, ცარიელი ტრიბუნები. მოკლედ, ყველაფერმა ჩვენს საწინააღმდეგოდ იმუშავა და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ გუშინ ვერ მოვიგეთ“, – წერს ჯანო ანანიძე.

28 წლის ნახევარმცველმა, რომელიც ტრავმების გამო გუნდს წელს ვერ ეხმარება, გუნდს ერთა ლიგის დარჩენილ ორ შეხვედრაში წარმატებები უსურვა.

„ამით ცხოვრება არ მთავრდება. ყველაფერი წინ გვაქვს, ამ გუნდს ბევრის მიღწევა შეუძლია და ასეც იქნება. დღეს ყველაზე მეტად თანადგომა და მხარდაჭერა იმ ბიჭებს სჭირდებათ, რომლებმაც გუშინ ეროვნულ სტადიონზე იბრძოლეს – მათ და ყველა იმ ფეხბურთელს, ვისაც ამ შესარჩევი ციკლის განმავლობაში ერთხელ მაინც მოურგია ნაკრების მაისური. ყველაფერი წინ გვაქვს და ყველა ერთად აუცილებლად ვიტყვით ჩვენს სათქმელს და აუცილებლად გავახარებთ ქართველ გულშემატკივარს. წინ სომხეთთან და ესტონეთთან თამაშები გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებთ, რომ მოიგოთ. წარმატებები ბიჭებო“, – დაწერა ჯანო ანანიძემ სოციალურ ქსელში.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ წელს კარიერის გაგრძელება ჯერ ფამაგუსტას „ანორთოსისში“ სცადა, მერე ვოლგოგრადის „როტორში“ ჩაირიცხა, მაგრამ ტრავმის გამო რუსული კლუბი დატოვა.

დატოვე კომენტარი