ვაკო გვილია - უნდა წამოვდგეთ და გავაგრძელოთ ბრძოლა ოცნებისთვის
ვაკო გვილია - უნდა წამოვდგეთ და გავაგრძელოთ ბრძოლა ოცნებისთვის

საქართველოს ნაკრებისა და ვარშავის „ლეგიას“ ფეხბურთელმა ვაკო გვილიამ „ინსტაგრამის“ გვერდზე პოსტი გაავრცელა, სადაც განვლილი შეხვედრების გამო იმედგაცრუება და დიდი ტკივილი არ დამალა.

„მოგებული თამაშები ჯგუფში, დიდი ბედნიერება და ლოდინი.. .ლოდინი წელიწად-ნახევარი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშისთვის… მიახლოება თამაშამდე და ისევ ლოდინი… ამჯერად კორონავირუსის გამო. ფეხბურთის შეჩერება, გაურკვევლობა… ფეხბურთის დაბრუნება და ნახევარფინალური მატჩი. გამარჯვება, დიდი სიხარული და მთელი ქვეყნის ბედნიერება! კვლავ ლოდინი… ლოდინი ყველაზე დიდი მატჩისთვის საქართველოს ისტორიაში და თითოეული ჩვენთაგანის კარიერაში… წაგებული მატჩი და უდიდესი ტკივილი, იმედგაცრუება, გრძნობა თითქოს მთელი სამყარო ჩამოინგრა. ყველაზე დიდი მარცხი კარიერაში და ტრავმა, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გამყვება“, – წერს ვაკო გვილია.

26 წლის ნახევარმცველი არ მალავს, რომ ამ დღეების გადატანა გაუჭირდა, მაგრამ ეროვნული ნაკრების წარმატების იმედს არ კარგავს:

„ძალიან ძნელი იყო ამ დღეების გადატანა და ასეთ ტკივილთან ერთად ცხოვრება, მაგრამ მჯერა, რომ აუცილებლად დადგება ის ბედნიერი დღე, როცა ჩვენ დიდ ფორუმზე ვითამაშებთ! მჯერა, ეს ტკივილი, უდიდეს ძალაში გადაიზრდება! გამოცდილება, შეცდომების თავიდან არიდებაში დაგვეხმარება და დღეს რაც ჩვენთვის ოცნების დასასრულია, ხვალ უფრო დიდი ოცნების შენების ფუნდამენტი იქნება! უნდა გვახსოვდეს რომ ეს ოცნება თითოეულმა ჩვენთაგანმა ავაშენეთ, შევქმენით, ჩავდეთ სული და გული, რომ იმედი დაგვებრუნებინა ქართველი ხალხისთვის! ის იმედი რომელიც ჩვენ ყველას თამაშის წინ გვქონდა“.

გვილია ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგებულ მატჩსაც შეეხო:

„12 ნოემბრის მატჩი იყო წლების შრომის, თავდადების, რწმენის, ერთმანეთის გვერდში დგომის და მხარდაჭერის ნაყოფი! სამწუხაროდ, ეს დღე ჩვენთვის არ აღმოჩნდა ბედნიერი, მაგრამ უნდა დავაფასოთ და გავუფრთხილდეთ თითოეული ჩვენთაგანის თავგანწირვას საქართველოს ნაკრებისთვის! ეს ყოველთვის ასე იყო, არის და იქნება! მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრი ნეგატივია ჩვენს მიმართ, არ შემიძლია არ ავღნიშნო ის ემოციური დახვედრა, რომელიც თამაშის წინ გულშემატკივრებმა მოგვიწყვეს. მადლობა მხარდაჭერისთვის! 12 ნოემბერს ცხოვრებამ დიდი დარტყმა მოგვაყენა, მაგრამ ჩვენ უნდა წამოვდგეთ და გავაგრძელოთ ბრძოლა ოცნებისთვის! იმ ოცნებისთვის, რომელიც ერთ ბედნიერ დღეს აუცილებლად აგვისრულდება! მონდომება! რწმენა! მოთმინება!“.