ნიკა კვეკვესკირი - მჯერა ჩვენი ფეხბურთის და სანატრელი მიზნის მიღწევის, რომლისთვისაც ბრძოლას ვაგრძელებთ
ნიკა კვეკვესკირი - მჯერა ჩვენი ფეხბურთის და სანატრელი მიზნის მიღწევის, რომლისთვისაც ბრძოლას ვაგრძელებთ

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა თავის „ინსტაგრამ“ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც 12 ნოემბრის მატჩის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა დასანანი მარცხი განიცადა ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ევრო 2020-ის საგზური ვერ მოიპოვა.

„რთულია ამ პოსტის გამოქვეყნება, რადგან ამ თამაშამდე ვფიქრობდი, რომ სულ სხვა ემოციის შემცველ სიტყვებს დავწერდი. მაგრამ, დღეს, სხვა რეალობა დადგა. რეალობა, რომელსაც არასდროს გავურბივარ. ვწერ, რადგან სულ გვახსოვდეს ემოცია, რომელიც ამ თამაშმა დაგვიტოვა. ვერ დავძლიეთ საოცნებო გამოწვევა, რომელსაც ყველა თაობის ადამიანი ელოდა. ფაქტია, ვერ გავუმკლავდით წნეხს, ვერც ემოციურად და ვერც ფსიქოლოგიურად. ამ ყველაფერმა თამაშზე იმდენად დიდი გავლენა მოახდინა, რომ ჩვენც, ერთგული გულშემატკივრების მსგავსი ბრაზი და იმედგაცრუება გაგვიჩინა.

როგორც აღმოჩნდა ასეთი გამოცდისთვის „გამაყრუებელი სიჩუმის ფონზე“ მზად არ ვიყავით. ძალიან მძიმე გაკვეთილი მოგვიმზადა საფეხბურთო ცხოვრებამ ამ ფორმაციის ნაკრებს. ახლა სწორი დასკვნების გაკეთების დროა, ფეხზე უნდა წამოვდგეთ და გავაგრძელოთ წინსვლა. ჩვენი სიძლიერე და ერთიანობა ზუსტად ასეთი გამოცდის ჩაბარებით მტკიცდება. დღეს, ერთმა ადამიანმა მითხრა: „ომი, სულ გრძელდება“ – მართლა ასეა და ამაყი ვარ, რომ ამ ომში ასეთი ბიჭების გვერდით ვიქნები. მჯერა ჩვენი ფეხბურთის და სანატრელი მიზნის მიღწევის, რომლისთვისაც ბრძოლას ვაგრძელებთ. მინდა, რომ ყველა მძაფრი ემოცია და კადრი, რომელიც ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მეხსიერებაში 12 ნოემბრის ღამემ დატოვა, მალე გამარჯვებებმა ჩაანაცვლოს“.

ჩვენი გუნდი შემდეგ შეხვედრებს უეფა-ს ერთა ლიგის ეგიდით, 15 და 18 ნოემბერს, სომხეთისა და ესტონეთის  ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს. მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.