„თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერებმა და კონტრაქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს
„თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერებმა და კონტრაქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს

მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია „თბილისი პრაიდის” მხარდამჭერებმა და კონტრაქციის მონაწილეებმა დატოვეს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ორი პარალელური აქციის დაშლამდე ინციდენტი მოხდა, რა დროსაც, კონტრაქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს.

ერთი პირის დაკავება „თბილისი პრაიდის” აქციის მხარდამჭერ ნატა ფერაძის გაყვანას მოჰყვა, რომელსაც ტერიტორია პოლიციამ დაატოვებინა.

ამ დროისათვის მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმშვიდეა.

გუშინ საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მთავრობას მოუწოდა, არ დაუშვას ე.წ. გეი პრაიდის ჩატარება. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს. „თბილისი პრაიდის“ მონაწილეების აქციაზე მისვლამდე ადგილზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ. კონტრაქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანია, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა აქცია არ გამართონ.

ორ პარალელურ აქციაზე სიტუაცია რამდენჯერმე გამწვავდა. ბოლო ინფორმაციით, დაკავებულია კონტრაქციის მონაწილე 20-ზე მეტი პირი.

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა ტერიტორია დატოვეს და განაცხადეს, რომ დაგეგმილი კვირეულის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორშაბათიდან განახლდება.

მიუხედავად იმისა, რომ „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა ტერიტორია დატოვეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან ამ დრომდე რჩებოდნენ როგორც მათი მხარდამჭერები, ისე – კონტრაქციის წარმომადგენლები.