თბილისი ევროპის ძიუდოს ფედერაციის ყოველწლიურ სამედიცინო სემინარს პირველად მასპინძლობს #1TVSPORT
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, სასტუმრო Holiday Inn-ში ევროპის ძიუდოს ფედერაციის ყოველწლიური სამედიცინო სემინარი გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე, იოსებ ბაღათურია, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი, ზურაბ კახაბრიშვილი, ძიუდოს ევროპის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, სერგეი აშვანდენი, ძიუდოს ევროპის კავშირის ფინანსური ხელმძღვანელი და სამედიცინო კომისიის თავმჯდომარე, ენვიკ გალეა, ძიუდოს ევროპის გაერთიანების სამედიცინო კომისიონერების ხელმძღვანელი, პიტერ სმოლდერსი, ძიუდოს ევროპის გაერთიანების სამედიცინო კომისიის წევრები და სხვა მიწვეული სტუმრები.
იოსებ ბაღათურიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სპორტის სამინისტროსთვის სპორტსმენთა ჯანმრთელობა და სპორტული მედიცინის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, სამინისტრომ მხარი დაუჭირა საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციას, საქართველო ყოფილიყო ძიუდოს ევროპის ფედერაციის სამედიცინო სემინარის მასპინძელი და თბილისში შეკრებილიყვნენ ექიმები მთელი ევროპიდან. გარდა ამისა, სპორტის სამინისტრომ ასოციაციისთვის შეიძინა მაღალტექნოლოგიური სატესტო სისტემები.
ევროპის ძიუდოს ფედერაციის ყოველწლიური სამედიცინო სემინარი 19-21 ოქტომბერს იმართება. ეს უფლება საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ 2022 წლის ნოემბერში, სტამბოლში გამართულ კონგრესზე მოიპოვა, რომლის დელეგატებმა ამ წინადადებას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ენვიკ გალეა (ძიუდოს ევროპის კავშირის ფინანსური ხელმძღვანელი და სამედიცინო კომისიის თავმჯდომარე): „საქართველო ევროპის ძიუდოს ფედერაციის სანდო პარტნიორია, ბედნიერები ვართ აქ ყოფნით. ზურაბ კახაბრიშვილი ძალიან აქტიური პერსონაა კომისიაში. მხარდაჭერა გვქონდა საქართველოს ძიუდოს ფედერაციისა და სპორტის სამინისტროსგან, სახელმწიფოს ასეთი აქტიური მონაწილეობის გარეშე არაფერი გამოვიდოდა“.
პიტერ სმოლდერსი (ძიუდოს ევროპის გაერთიანების სამედიცინო კომისიონერების ხელმძღვანელი): „გვახარებს საქართველოში საერთაშორისო სამედიცინო თემატიკის სემინარზე ყოფნა. გვაქვს საინტერესო პროგრამები, დოპინგ-კონტროლის სტატისტიკა და ანტიდოპინგური კამპანია. შესანიშნავი სემინარია, ევროპელ მონაწილეებთან ერთად 15 სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობთ. მადლობა სტუმართმოყვარეობისთვის.
სერგეი აშვანდენი (ძიუდოს ევროპის კავშირის ვიცე- პრეზიდენტი): „მნიშვნელოვანია, რასაც საქართველოს ძიუდოს ფედერაცია და სამედიცინო კომისია აკეთებენ. პროგრამა არის მრავალმხრივი, განსხვავებული და მასში კარგად ჩანს ძიუდოს კომპლექსურობა“.