„თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, რომ თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე კორპუსიდან გაზის გაჟონვის შესახებ შეტყობინება არ შესულა
„თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, რომ თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე კორპუსიდან გაზის გაჟონვის შესახებ შეტყობინება არ შესულა

კომპანია „თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, რომ თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე კორპუსიდან, სადაც დღეს ბუნებრივი აირი აფეთქდა, კომპანიაში არანაირი შეტყობინება არ შესულა.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ნათია მიქიაშვილმა საზოგადოებას მოუწოდა, ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში დაუკავშირდნენ „თბილისი ენერჯის“ და კომპანიის წარმომადგენლებს მათ სახლებში არსებული მოწყობილობები შეამოწმებინონ.

„შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და სპეციალისტები მუშაობენ აფეთქების ადგილზე. შესაბამისად, როგორც კი გვექნება ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ვაცნობებთ მედიის წარმომადგენლებს. არ არის გარდაცვლილი არავინ. დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც გადაყვანილია ხეჩინაშვილის კლინიკაში. მისი მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება კონკრეტულ მიზეზს, როგორც იცით, გვიახლოვდება ზამთარი და შესაბამისად, ამ დროს მიმდინარეობს ხოლმე გამათბობლების ჩართვა. ვაფრთხილებთ ყველა მოქალაქეს, ვისაც აქვს ეჭვი, რომ მის საცხოვრებელ სახლში შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს კუსტარულად დამონტაჟებულ გამათბობელს, დაგვირეკონ და თუ არ იქნება ის საფრთხის შემცველი, რა თქმა უნდა, დანადგარი დარჩება, თუ იქნება ნებისმიერი ტიპის საფრთხე, ეს გამათბობელი იქნება ჩახსნილი. ყველა მოქალაქეს მინდა, ახსოვდეს, რომ არსებული კანონმდებლობით თავად არის პასუხისმგებელი გაზგაყვანილობის შემოწმებაზე, ამიტომ ყველას ვთხოვთ, მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, მოუფრთხილდნენ სხვების სიცოცხლესაც. და ბოლოს დავაზუსტებ, რომ ამ მისამართიდან არანაირი შეტყობინება არ შემოსულა“, – განაცხადა ნათია მიქაშვილმა.

აფეთქება თევდორე მღვდლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე ცოტა ხნის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. მისი მდგომარეობა მძიმეა. ჩამონგრეულია მეხუთე სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინის კედლები. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.